კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ აქტუალური გახდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, ამას ემატება წვიმიანი ამინდები, შესაბამისად მოსახლეობის ნაწილი წელს შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს და სასტუმროების დატვირთულობაც მიმდინარე სეზონზე იკლებს.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „რივიერას“ მფლობელი ლია ტაკიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე სასტუმროს მხოლოდ 20%-ია დატვირთული, თუმცა იმედებს ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოს თვეზე ამყარებს.
„არასაზღვაო ამინდებმა, შავი ზღვის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა და რაც მთავარია ქართველი დამსვენებლების ფინანსურმა მდგომარეობამ, რომელიც მათი თქმით მნიშვნელოვნად გაუარესებულია ბოლო პერიოდში, რადიკალურად შეამცირა ქობულეთის სასტუმროების დატვირთულობა.
დღევანდელი მდგომარეობით, სასტუმროს მხოლოდ 20%-ია დატვირთული. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ 15 ივლისიდან დამსვენებლების რაოდენობა მოიმატებს, იმედებს ისევ ქართველებზე ვაკეთებთ. ჯავშნები თითქმის არ არის, მაგრამ მაგალითად ქობულეთში და ზოგადად რეგიონში შეინიშნება რუსების სიმრავლე, რომლებიც სასტუმროების ნაცვლად უფრო კერძო სახლებსა და იაფფასიან დასასვენებელ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას.
ამ ეტაპზე რეგიონში ან მაღალი დონის სასტუმროები ან ძალიან იაფფასიანი დასასვენებელი ადგილებია დაკავებული, საშუალო ფენაზე განკუთვნილი სასტუმროები თითქმის ცარიელია“, - ამბობს ლია ტაკიძე.
ქობულეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო „გიოში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯავშნები არ აქვთ, თუმცა აქაც ფიქრობენ, რომ აგვისტოს თვე შედარებით აქტიური იქნება.
„ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს. იმედებს აგვისტოს თვეზე ვამყარებთ, ზოგადად ძირითადად ივლისი-აგვისტოა აქტიური, მაგრამ წელს ხელი ამინდებმაც და შავი ზღვის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა შეგვიშალა, ამიტომ ვიმედოვნებთ, სიტუაცია ჩაწყნარდება და დამსვენებელთა რაოდენობა და ტურისტებიც მოიმატებს“, - აღნიშნავენ სასტუმრო „გიოში“.