თბილისში ორ თვეში ვასრულებთ სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას, - ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა, ბათუმში, ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული უძრავი ქონების პროექტებში.

„სილქ როუდ ჯგუფს“ ასეულობით მილიონი დოლარი გვაქვს დახარჯული უძრავი ქონების პროექტებში, მრავალი წელია ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. თბილისში ორ თვეში ვასრულებთ სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობას, რომელიც ასევე გამორჩეული პროექტი იქნება დედაქალაქისთვის და მინდა, ბევრი ასეთი გამორჩეული წამოწყება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, 239-ოთახიანი თანამედროვე სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი, ჯაზკლუბი, ბარი და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

ცნობისთვის, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა და ის Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება.