სასტუმროს გახსნის მომენტიდან ჯავშნები უმეტესად წინასწარ იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა წინასწარი ჯავშნები შემოგვდის. მაგალითად, თებერვლის დასაწყისში მთლიანი სასტუმრო შევსებულია, - ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმრო WOOD INN-ის მენეჯერის ასისტენტმა ოლიკო ჩუბინიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროს დამსვენებლების უმრავლესობა ადგილობრივები არიან. ოლიკო ჩუბინიძის განცხადებით, ამჟამად სასტუმრო 20%-მდე დატვირთულობით მუშაობს, თუმცა ახალი წლის დღეებში დატვირთულობა 100%-ს შეადგენდა.

"ჩვენს საოჯახო სასტუმროში დამსვენებლისთვის 18 ნომერია განკუთვნილი. მოლოდინი ნაკლები გვქონდა, თუმცა ახალი წლის ღამეს სასტუმრო 90%-ით, ხოლო 1 და 2 იანვარს, სრული 100%-ით იყო შევსებული. ვინაიდან ბაკურიანში სასტუმროები სეზონურად მუშაობს, ზამთარში უმეტესად თოვლზე ვართ დამოკიდებული. იანვრის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლომდე ხალხის ნაკადი იკლებს. ახლაც, რადგან თოვლი ნაკლებადაა, დამსვენებლებიც ნაკლებად არიან. სასტუმროს დატვირთულობას რაც შეეხება, 15-20%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ.

ჩვენი სტუმრების დაახლოებით, 70% საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები არიან, 20% ბორჯომ-ბაკურიანელები, ხოლო 10% უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის, იტალიიდან და აზერბაიჯანიდან. ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკადი იმდენად დიდი არ არის, როგორიც წინა წლებში.

ჩვენი სასტუმროს ტერიტორია მოიცავს გარე სივრცეს, საგუნდაოდ, გასართობად, შეკრებისთვის, ასევე ამავე სივრცეში ეწყობა ხელი თხოვნის ცერემონიებიც", - აცხადებს ოლიკო ჩუბინიძე.

bp.ge