სასკოლო ბანკეტების წინასწარი ჯავშნები აქტიურად შემოდის, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში  მდებარე  ტურისტული კომპლექსის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელმა რატი ტოკლიკიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უარყოფითად აისახა მათ ბიზნესზე, თუმცა იანვრის დასაწყისში სასტუმრო გარკვეული დატვირთულობით მაინც მუშაობდა. რატი ტოკლიკიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება.

"როგორც ყველა სხვა სასტუმროსთვის, ჩვენთვისაც დეკემბრის თვე რთული იყო. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, კორპორატიული ყველა ჯავშანი გაუქმდა, რაც ჩვენი შეკვეთების, დაახლოებით, 80%-ს შეადგენდა. 2024 წელს გავხსენით სასტუმრო, 2023 წელს მხოლოდ კოტეჯები გვქონდა  და შესაბამისად, წლევანდელ მონაცემებს წინა წელს ვერ შევადარებ. ეტაპობრივად ვვითარდებით და ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ახალი სივრცე შევქმნათ.  გვაქვს ისეთი შეთავაზებები, როგორიც ფაქტობრივად არც ერთ სასტუმროს არ აქვს. მაგალითად, გვაქვს აივანზე ჯაკუზი, დახურული აუზები და ა.შ.

მიმდინარე თვეში ჩვენი მომხმარებლების 95% ქართველი იყო, ხოლო დანარჩენი - უცხოელი. ზოგადად, ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობას ახლა ვიწყებთ და იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება იქნება. ამჟამად, სასკოლო ბანკეტების წინასწარ ჯავშნებზე მოთხოვნა აქტიურად შემოდის", - აცხადებს რატი ტოკლიკიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისიდან ავტობანის გახსნამ ხელი შეუწყო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულების განვითარებას.

ცნობისთვის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტი"  2022 წელს გაიხსნა. საწყისი კაპიტალი ₾ 225 000 იყო, საიდანაც  170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება შეადგენდა. ტურისტული კომპლექსი 1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. სასტუმრო კომპლექსი 10 ხის კოტეჯს, 15-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მარანს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სკვერს, საფოტოსესიო სივრცეებს, ივენთჰოლს, სადეგუსტაციო სივრცესა და ბარს მოიცავს.

bp.ge