„საქსტატის რიცხვებით ძალიან მაგარი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა რეალურად სულ სხვა სურათია“ - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა ავტოიმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ავტომობილების რეექსპორტის სქემა, როდესაც უცხოელი დილერები მხოლოდ გზად იყენებენ საქართველოს, სექტორს შესაძლო მოგების გარეშე ტოვებს.

„შუა აზიის ბაზარია ჩვენთვის საინტერესო, თუმცა უკვე წლებია შუა აზიიდან ჩამოდიან საქართველოში, თავად ყიდულობენ ავტომობილებს და ფოთისა და ბათუმის პორტის გავლით ისე გაჰყავთ, რომ ამ ჯაჭვიდან სრულად ამოვარდნილია ქართველი ავტო დილერი. საერთოდ საქართველოს მოქალაქის და ბიზნესმენის გვერდის ავლით ახდენენ თავიანთ ქვეყანაში ავტომობილების გაყვანას. მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები იყვნენ ისეთი სქემის ნაწილი, რომ ქართველი ავტოიმპორტიორის მეშვეობით ახდენდეს რეექსპორტს. მოგება, თუნდაც მინიმალური, ამ შემთხვევაში დარჩებოდა ქვეყანაში. „საქსტატის“ რიცხვებს რომ შევხედოთ, ძალიან მაგარი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ რეალობასთან დიდი ცდომილებაა. სულ სხვა სურათია რეალობაში და სხვა „საქსტატის“ რიცხვებში“,- მიიჩნევს ლაშა დარბაისელი.

მისი თქმით, დღეს ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა. იმის გამო, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნაა, ქართველ დილერებს ავტომობილების რეალიზაცია დაბალ ფასად უწევთ და ამ ფასსაც ბაზარს შუა აზიელი მყიდველები კარნახობენ.

„მოდიან ჯგუფები შუა აზიიდან და აწესებენ დემპინგურ ფასებს. თუ ავტომობილი ღირს 10 000 ლარი შემოგთავაზებენ 9 000 დოლარს, მერე $8000, $7000-ს... უკვე დიდი ხანია ჭარბი მიწოდება გვაქვს, ვერ ამოვყიდეთ ავტომობილების ის რაოდენობა, რაც უნდა ამოგვეყიდა. ეს ახდენს ზეწოლას და გავლენას ბაზარზე და შედეგად, ზარალდება ისევ ქართველი ავტო დილერი, რომელსაც რეალურად უცხოური ვალუტა უნდა შემოეტანა ქვეყანაში“, - ამბობს დარბაისელი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს რეკორდული 2.8 მილიარდის 111.6 ათასი ავტომობილის რეექსპორტი აღრიცხა „საქსტატმა“. 2026 წლის იანვარში კი, ავტომობილების იმპორტი 39.5%-ით, ექსპორტი კი 22.5%-ით შემცირდა.

წყარო: bm.ge