მსოფლიოსა და საქართველოში ნავთობპროდუქტები იაფდება. ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, მართლაც დადებითია და მომავლის პერსპექტივაც ისეთივეა, როგორც ბაზრებზე დღეს არსებული სიტუაციაა. საწვავი როგროც საერთაშორისო ბაზარზე, ისე საქართველოშიც გაიაფდება.

ბოლო დღეებში საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა, საშუალოდ, 5-8 თეთრით დაიკლო. ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დღეისათვის, საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: "რეგულარის" ტიპის ბენზინი - 2,95-3,17 ლარი ღირს, "პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 3,13-3,32 ლარი, "სუპერის" ტიპის ბენზინი - 3,58-3,71 ლარი, ევრო დიზელი - 3,21-3,33 ლარი, დიზელის საწვავი - 3,21-3,26 ლარი.

საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ბრენდის გასამართ სადგურებზე აპრილის ბოლო დეკადის შემდეგ საწვავის ფასი ძირითადად უცვლელი იყო.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა გავიგოთ, რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა ფასი. შესაბამისად, "ვისოლმა” გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასების ბოლოს 23 სექტემბერს, ხოლო "გალფის” ქსელში 27 სექტემბერს შეიცვალა. სხვა ბრენდირებულ გასამართ სადგურებს საწვავის ფასის შემცირების თარიღი მითითებული არ აქვთ.

რაც შეეხება მსოფლიო ტენდენციას. ნავთობპროდუქტები იაფდება საერთაშორისო ბაზრებზეც და მაგალითად, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარის ფარგლებშია. გლობალურ ბაზრებზე გაიაფების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, საქართველოში კი ტენდენცია ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.

გაიაფების მიზეზებზე საუბრობს ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ საცალო ქსელში ფასის შემცირების მოლოდინი კიდევ არსებობს.

"კავშირის საიტზე გამოვაქვეყნეთ ახალი ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს შიდა ბაზარზე ყველა ბრენდირებულ კომპანიებზე 5-დან 8-თეთრამდე შემცირდა საწვავის ფასი. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულების კლება დაიწყო.

ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა და არა მხოლოდ სანავთობო ბაზრების მდომარეობას ვაკვირდებოდით, ასევე დოლარისა და ლარის გაცვლით კურსს. ამ ყველაფერზე შექმნა ის რეალობა, რაც მივიღეთ საქართველოს შიდა ბაზარზე. საწვავმა დაიწყო გაიაფება და მაქვს იმედი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს”, - ამბობს ვახტანგ იობაშვილი და ამატებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთიდან ბენზინის შესყიდვა კვლავაც აკრძალულია, თუმცა გაიაფების ტენდენცია შიდა ბაზარზე მაინც სახეზეა.

"როგორც ცნობილია, ახალ წლამდე რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია და ჩვენ მათგან ბენზინს ვერ შევისყიდით. ვიღებთ დიზელის საწვავს, თხევად გაზს, მაგრამ ამჟამად ვერ ვყიდულობთ ბენზინს, რადგან ეს მათი პრემიერ-მინისტრის განკარგულებაა. აქვე უნდა ითქვას, რომ არ არის ჩაკეტილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულება. რუსეთიდან ჩვეულებრივად იგზავნება საწვავი ცხინვალსა და აფხაზეთში”, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

რუსეთმა მსგავსი აკრძალვა უკვე რამდენჯერმა დააწესა. თითქმის ბოლო ორი წელია, ხან ბენზინის შესყიდვაა შეჩერებული, ხანაც დიზელის. ამის გამო საქართველოს სხვა ბაზრებზე გადართვა მოუწია, თუმცა, როგორც ნავთოპროდუქტების ბიზნესში ჩართული სუბიექტები აცხადებენ, მათი ათვისება მარტივად მოხდა.

საქართველოს საბითუმო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება კომპანია "სენტა პეტროლეუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ და აღნიშნა, რომ როგორც 1 ლიტრი ბენზინის, ისე დიზელის ღირებულება 2.33-2.35 ლარის ფარგლებშია.

"ბოლო პერიოდის ტენდენცია ფასების კლებისკენაა მიმართული. საქართველოს საბითუმო ბაზრის ფასი 2.33-2.35 ლარი ფარგლებშია, როგორც დიზელზე, ისე ბენზინზეც. აქაც კლება შეინიშნება, რაც საერთაშორისო ბირჟაზე ღირებულების შემცირებას უკავშირდება. ე.წ. "პლატცის" მონაცემების მიხედვით, მცირდება ერთ ტონა საწვავზე ფასი, რაც შესაბამისად აისახა საქართველოს საცალო ქსელშიც.

თუ არ ვცდები 1-ელ ნოემბრამდე აქვს რუსეთს ბენზინის ბაზარი დაკეტილი, მაგრამ შესაძლოა, ადრე გაიხსნას ან გაგრძელდეს შეზღუდვა. რუსეთში ხშირად მიიღება მსგვასი გაითვალისწინებელი ცვლილებები. ასე რომ, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. თუ რუსეთიდან მოწოდება აღდგება, მაშინ იაფი ბენზინის შემოტანა ქვეყანაში ისევ დაიქყება”, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ. 

წყარო: რეზონანსი