პოლონური დღეები საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად სხვადასხვა სავაჭრო ქსელის საშუალებით ქართველ მომხმარებლებს პოლონური პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, გვანცა გრიგალაშვილი "კომერსანტთან" ინტერვიუში განმარტავს, საქართველოში პოლონური იმპორტი 24%-ით არის გაზრდილი; გარდა ამისა უკვე ქართულ კომპანიებსაც აქვთ შესაძლებლობა, პოლონეთში გამართულ გამოფენებში მონაწილეობა მიიღონ.

,,პოლონური დღეები საქართველოში 2019 წლიდან ტარდება, ტრადიციად არის ქცეული და წელს უკვე რიგით მე-5 პოლონურ დღეებს ვუმასპინძლეთ. ხშირ შემთხვევაში, პოლონური დღეები 2 კვირის განმავლობაში გრძელდება ხოლმე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ადგილობრივი სავაჭრო ქსელი, იქნება ეს კვების ობიექტები, სუპერმარკეტები, კოსმეტიკური და ფარმაციის მიმართულებით მომუშავე კომპანიები, სამშენებლო და სარემონტო, ჰიგიენური საშუალებებით თუ სათამაშოებით მოვაჭრე ქსელები და ასე შემდეგ, ქართველ მომხმარებლებს პოლონურ პროდუქციას აცნობენ.

საქართველოში პოლონური პროდუქციის იმპორტი 24%-ით არის გაზრდილი, რაც ქართველი მომხმარებლის დაინტერესებით არის განპირობებული. ამასთან ერთად, მხარს ვუჭერთ ქართულ კომპანიებს, დაესწრონ პოლონეთში გამართულ გამოფენებს, უფრო მეტ პოლონურ კომპანიას ვაცნობთ და მაქსიმალურად დიდ არჩევანს ვთავაზობთ.

გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად ფიქსირდება პოლონური პროდუქციის იმპორტი, მატულობს ექსპორტიც. უკანასკნელ 2 კვარტალში ცოტა კი შემცირებულია, თუმცა, საგანგაშო ამაში არაფერია, რადგან დისბალანსი ავტომიმართულების მსხვილმა მოცულობითმა ტვირთმა განაპირობა",- აღნიშნა გვანცა გრიგალაშვილმა.