„თუ საკუთარი თავის გუშინდელი სახე არ გეუცხოვება, ე.ი. ცხოვრებას უკვე ჩამორჩი“, - ამბობს ბიზნესმენი არმაზ თავაძე და ქართულ ბიზნესში არსებულ „ახალ ეპოქაზე“, გამოწვევებზე, თავის წარმატებულ პროექტებსა და პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს.

 

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუ ბიზნესმენ არმაზ თავაძესთან.

 

- ბატონო არმაზ, როგორ შეაფასებთ 2025 წელს?

 

- ეს იყო ძველი წესების რღვევის წელი მთელს მსოფლიოში და ახალი ტურბულენტური ეპოქის დასაწყისი, რომელიც არავინ იცის როდემდე გაგრძელდება. ბიზნესში დასრულდა ის ეპოქა, როცა წარსულის ინერციით მოძრაობა და მართვა შეიძლებოდა.

 

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ცვლილებებზე საუბრობთ?

 

- ბიზნეს სამყაროში დაინგრა პროგნოზირებადობის ილუზია. დაინგრა იდეა, რომ გამოცდილება ავტომატურად გაძლევს უსაფრთხოებას. დღეს გამოცდილება თუ მუდმივად არ განახლდა, ტვირთად გექცევა. თუ საკუთარი თავის გუშინდელი სახე არ გეუცხოვება, ე.ი. უკვე ჩამორჩი ცხოვრებას. 

 

- გასაგებია, მაშინ რას ნიშნავს „ახალი ეპოქა“ ბიზნესში?

 

- ეს ნიშნავს, რომ წესები აღარ იწერება სახელმძღვანელოებში. ისინი იქმნება რეალურ დროში.  ვინც ელოდება სტაბილურობას, უკვე აგვიანებს.

 

- რატომ გგონიათ, რომ აღარ იმუშავებს ძველებური მართვის წესები?

 

- იმიტომ რომ, სამყარო ასეთი დინამიური არასოდეს ყოფილა. ისტორიაში ვეღარ იპოვით ისეთ ეპოქას, როდესაც ერთი თაობის ადამიანის ცხოვრებაში ამდენი რევოლუციური ცვლილება შეიძლებოდა მომხდარიყო. პირადად მახსოვს შავ-თეთრი ტელევიზორების ეპოქა და დღეს უკვე მარსის კოლონიზაციაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი, რაც ნელი, ბიუროკრატიული, იერარქიული და წარუმატებლობის შიშზე დაფუძნებულია, ყველაფერი გაქრება. დღეს თუ გგონიათ, რომ ხვალ გექნებათ დრო დასაფიქრებლად“, უკვე წარსულში ხართ. 

 

- ვინ გახდება ამ ეპოქის გამარჯვებული?

 

- რისკიანი და თამამი ადამიანი. რისკის გარეშე ნებისმიერი ცოდნა წარუმატებლობას მოგიტანთ. რისკი უკვე ნიშნავს, რომ საკუთარ კომფორტის ზონას არღვევ და გაურკვევლობაში დგამ ნაბიჯს.

 

- ერთი წინადადებით, როგორ აღწერთ - რა ხდება ბიზნესში ახლა?

 

- ძველი წესები დასრულდა. ახალი თამაშის წესები ჯერ არ ჩანს.

 

- აქედან გამომდინარე, რა არის ქართული ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს?

 

- საქართველოში ბევრი ფულიანიადამიანია და ძალიან ცოტა - ბიზნესმენი. ეს ბიზნესის სერიოზული გამოწვევაა. არ შეიძლებაქვეყანაში ბიზნესმენზე უფრო მდიდარი საჯარო მოხელეები არსებობდნენ. ფული და კეთილდღეობა, მხოლოდ ბიზნესთან ან პროფესიულ საქმიანობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

 

- რით განსხვავდება „ფულიანი“ ადამიანი ბიზნესმენისგან?

 

- ფულიანი ადამიანი ყველა მეთოდით აგროვებს ფულს და არ ქმნის არაფერს. ბიზნესმენი ქმნის მატერიალურ ღირებულებებს, რომელსაც მოაქვს ფული.

 

- თქვენ დიდი ფული გაქვთ?

 

- არა, მე - ბიზნესმენი ვარ! ვერ წარმომიდგენია, რომ ბიზნესმენს შეიძლება ჰქონდეს თავისუფალი დიდი ფული. ის მუდმივად ბიზნესში უნდა ბრუნავდეს.

 

- ვინ არის თქვენი მისაბაძი ქართველი ბიზნესმენი?

 

- ყველა, ვისაც რაიმე ღირებული აქვს შექმნილი. მათ შორის - საკუთარი თავიც.

 

- რა გაქვთ გაკეთებული ბიზნესში ღირებული?

 

- ბევრი შემთხვევა გახსენდებათ, როდესაც ერთსა და იმავე სფეროში 3 წარმატებული ბრენდი შეექმნას ვინმეს? 

 

- რას გულისხმობთ?

 

- სადაზღვევო კომპანიები: „ირაო“, „არდი“ და „ავტოგრაფი“სამივე კომპანია საწყისი წერტილიდან მაქვს შექმნილი.

 

- დაზღვევა თქვენი პროფესიული სფეროა?

 

- არა, პროფესიონალურ დონეზე დაზღვევაში არცთუ ბევრი გამეგება. მე კარგად ვიცი როგორ შევქმნა წარმატებული კომპანია ნებისმიერ სფეროში. 

 

- თქვენ სადაზღვევო კომპანია გქონდათ უკრაინაშიც...

 

- ომი რომ არ დაწყებულიყო უკრაინულ სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებულები ვიქნებოდით. ფაქტია, არ გაგვიმართლა, კომპანია დავხურეთ. დრო ტყუილად არასოდეს უნდა დაკარგო. საკეთებელი ისედაც ბევრია.

 

- რადიო „კომერსანტზე“ რას გვეტყვით? თქვენს ბიზნეს-პროექტებზე საუბრის დროს „კომერსანტს“ რატომღაც არასოდეს ახსენებთ. 

 

- კომერსანტი ჩემთვის ბიზნესი არ არის. ის, პირველ რიგში,  ჰობია. რადიო კომერსანტიჩემს მეგობარ გოგა სამუშიასთან ერთად 2008 წელს შევქმენი. 

 

- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ბიზნეს-მედია?

 

- ბევრი თვლის, რომ ქართული ბიზნეს-მედიის გამოწვევა პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობაა, მე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა - პროფესიონალი რესპოდენტების დეფიციტია. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ბიზნეს თემებზე საუბარი შეუძლია.

 

- რას ურჩევდით ახალი თაობის ბიზნესმენებს?

 

- ახალ და ძველ თაობას მხოლოდ ასაკით აღარ დავყოფდი. მე ახალი თაობის ბიზნესმენად ვთვლი ჩემს თავს. თუ თქვენს კითხვაში დამწყებ ბიზნესმენებს გულისხმობთ, მათ ვურჩევდი, რომ არავის რჩევა არ გაითვალისწინონ. სხვისი გამოცდილება, მხოლოდ სხვისი გამოცდილებაა და მეტი არაფერი. თუ ცურვა იცი, მაშინ ფსკერი არ უნდა მოსინჯო ფეხით და ისე უნდა გადახტე. დინება სადღაც მაინც გამოგიყვანს და განუმეორებელ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებ.

 

- ყველა ბიზნესმენი გაურბის პოლიტიკაზე საუბარს. თქვენ თუ გვეტყვით რამეს არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე?

 

- ჩვენთან შეცდომით ჰგონიათ, რომ პოლიტიკურ რეალობას მხოლოდ პოლიტიკოსები ქმნიან. ბევრ წილად, პოლიტიკურ რეალობას ქმნის აქტიური ამომრჩეველი თავისი მენტალობით, მოლოდინებით, შინაგანი განწყობებით და ქცევით. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკური გარემო შექმნა მე-20 საუკუნეში დაბადებული და გაზრდილი თაობის ამომრჩეველმა. უნდა გავითვალისწინოთ, ის ფაქტიც, რომ 700 ათასზე მეტი ადამიანიანუ ამომრჩევლების სოლიდური რაოდენობა არის სოციალურად დაუცველი. ეს ხალხი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ყველაზე ადვილად მანიპულირებადი ადამიანები არიან. საბოლოოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ ის შედეგი, რასაც თანამედროვე ქართული პოლიტიკური გარემო ჰქვია.

 

- გამოსავალს რაში ხედავთ?

 

- 21- საუკუნის თაობა, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, უკვე შემოვიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ველზე.  ისინი ძალიან მალე მოიპოვებენ დომინანტურ უპირატესობას. ეს ბუნების კანონია და მას ვერაფერი შეაჩერებს. ისინი ინსტინქტურად გრძნობენ იმ პროცესებს რაც დღეს სამყაროში ხდება და რისი გაგებაც ზოგჯერ ლოგიკის ან ინტელექტის გამოყენებით შეუძლებელია. ეს მათი ეპოქაა და ხელს ვერავინ შეუშლის. ისინი ბევრ რამეს შეცვლიან საქართველოში.