გაზაფხულის ყინვებმა და მოსავლის აღებისას მოსულმა უხვმა ნალექმა ნუშისა და კაკლის მოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რის გამოც წინასწარ დაგეგმილი 40%-იანი ზრდა ვერ დაფიქსირდა. შესაბამისად, 2025 წელს განსაკუთრებული ზრდა არ ყოფილა - წელსაც ნუშისა და კაკლის მოსავალი დაახლოებით 3-3 ათასი ტონა იყო. რაც შეეხება ფასს, შარშანდელთან შედარებით ნუში და კაკალი 20-22%-ით არის გაძვირებული.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა თორნიკე ლათათიამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუშისა და კაკლის მოსავალი შიდა მოხმარებასაც, პრაქტიკულად, სრულად ვერ ფარავს, საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე მწარმოებლები მაინც ზრუნავენ. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ამ პროდუქტებზე გარკვეული დეფიციტია.
„მსოფლიოში პროდუქტის ზოგადი წარმოება არ შემცირებულა, დეფიციტი გამოიწვია ამერიკის სატარიფო პოლიტიკამ. ორივე კულტურაში მთავარი მოთამაშე ამერიკაა, რომელმაც სავაჭრო კონსტრუქცია სრულად შეცვალა. აქედან გამომდინარე მომხმარებელმა ქვეყნებმა ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყეს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში ჩვენთან წარმოებები გაიზრდება, მწარმოებლები ცდილობენ, საექსპორტო ბაზრებზე გარკვეული პრაქტიკები შექმნან. მაგალითად, ისრაელში, გალფის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, ინდოეთში, რამაც საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა“, - განაცხადა თორნიკე ლათათიამ.
თორნიკე ლათათია მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია, კონკურენცია მთავარ მოთამაშეს - ამერიკასაც კი გაუწიოს, რასაც არაერთი მიზეზი აქვს.
„პირველია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა - მიწოდების არხები ბევრად სწრაფი გვაქვს, ვიდრე ამერიკას. ასევე, საკმაოდ ჯანსაღია ჩვენი სატარიფო ნაწილიც. იგივე თურქეთი რომ ავიღოთ, ამერიკიდან მიწოდებას დაახლოებით 2 თვე სჭირდება, ჩვენგან - 3 დღე. ლოგისტიკური ხარჯები, სატარიფო ნაწილი განსხვავებულია, რაც უპირატესობას გვანიჭებს“, - ამბობს თორნიკე ლათათია.
მისივე ინფორმაციით, წელს ნუში დაახლოებით 800 ჰექტარზე გაშენდა, დაახლოებით იმავე რაოდენობის დაირგო კაკალიც. უკვე არსებული რესურსებით კი უახლოეს მომავალში მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი ტონა ნუში და 10 ათასი ტონა კაკალი იქნება. ამასთან, დარგს აქვს პოტენციალი, საერთაშორისო ინვესტორებიც მოიზიდოს.