„საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფოსგან 50 მილიონი ლარის დაფინანსების მოთხოვნა წაგების მარჟის დასაფარად არასწორი მიდგომაა, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი შეფასებით, თუ სამგზავრო გადაყვანების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, ამ დანაკლისის დაფინანსება გადასახადის გადამხდელების ფულით არ უნდა ხდებოდეს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ აზერბაიჯანის მსგავსად, საქართველოსაც შეუძლია რკინიგზის ინფრასტრუქტურა ეფექტიანად გამოიყენოს.
,,დღეს „საქართველოს რკინიგზა“ 50 მილიონიან დაფინანსებას ითხოვს სახელმწიფოსგან წაგების მარჟის ანაზღაურებისთვის. ბუნებრივია, ეს მიდგომა არასწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ თუ ყოველ წელს შემცირდა სამგზავრო გადაყვანების რაოდენობა, გამოდის, ჩვენი, გადამხდელების ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს, რაც არასწორია.
მინდა, გარკვეული შედარება მოვიყვანო აზერბაიჯანთან, სადაც გაიყო მეტროპოლიტენი და დაუკავშირდა აბშერონის რკალს, საუბარია დაახლოებით 100 კილომეტრზე. დაახლოებით ხაშურიდან მარნეულამდე, რუსთავამდე - შეგვიძლია, რკინიგზა ეფექტიანად გამოვიყენოთ ადგილობრივი გადაზიდვების მიმართულებით. ადამიანი, რომელიც პირობითად, გორსა და ხაშურში ცხოვრობს, თბილისში კი არ ადაპტირდეს და ისედაც გადატვირთული ქუჩები გადატვირთოს, არამედ, ჩქაროსნული მატარებლით ჩამოვიდეს დედაქალაქში და საღამოს უკან დაბრუნდეს. სამგზავრო გადაყვანების ასეთ ურბანულ განვითარებას ძალიან ბევრი დადებითი ძვრა ექნება. გარდა ამისა, საჭიროა კონკურენტული გარემოც - თუნდაც თბილისი-ბათუმის მიმართულებით დაინიშნოს შტადლერის გარდა სხვა მატარებელიც. ანალოგიური განვითარება შესაძლებელია სხვა მიმართულებითაც, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალებას სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოგვცემს",- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.