საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით, რომელიც უაღრესად ღირებული და სასახელოა. გვჯეროდა ამ წარმატების და კვლავაც გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა გველოდება წინ!

ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეები ნამდვილად ისტორიულია და განსაკუთრებით ემოციური თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამას სრულიად საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ელოდება.

მიღწეული შედეგები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ ეს არის ის აუცილებელი მუხტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის დიდი წარმატებისა და გამარჯვების მოტანა!

მადლობას ვუხდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული ბრძოლისთვის, შრომისა და თავგანწირვისთვის!

ასევე დიდი მადლობა გამორჩეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს და საკუთარ ქვეყანას!

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად, მივემგზავრებით გერმანიაში და კვლავაც ვუგულშემატკივრებთ ეროვნული ნაკრების მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ!

დარწმუნებულები ვართ, რომ ეროვნული ნაკრები არაფერს დაიშურებს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ და გამარჯვების მოსაპოვებლად.

გამარჯვება ჩვენს ბიჭებს, გამარჯვება ქართულ ფეხბურთს და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას!