საქართველოში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაზე და შესაბამისად ბიზნესის მხრიდან დაფინანსების წყაროების ნაკლებობაზე, სფეროს წარმომადგენლები წლებია საუბრობენ, დროდადრო მისი განვითარების აუცილებლობაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც აკეთებენ განცხადებას, თუმცა ვითარება მხოლოდ მცირედით იცვლება.

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აღნიშნავს, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც კარგი წინსვლაა.

რა ვითარებაა კაპიტალის ბაზრის კუთხით საქართველოში და რას შეცვლის მისი განვითარება კომპანიებისთვის, ამის შესახებ ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებები „კომერსანტმა“ შეკრიბა.

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება აუცილებელია და კომპანია წელს $25 მილიონის ბონდების გამოშვებასაც გეგმავს.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყანაში აუცილებელია, ჩვენ წელს აუცილებლად გამოვუშვათ ქართული ბონდები ლარში. ბონდების მოცულობა იქნება $25 მილიონის ეკვივალენტი ლარში. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ IFS-თან, EBRD-თან და აზიის განვითარების ბანკთან“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი განმარტავს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ბიზნესს საშუალებას მისცემს ბანკის გარდა, თანხა სხვა კუთხითაც მოიზიდონ.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ეს არის ორგანიზებული ბაზარი, რომ გარდა ბანკისა კომპანიებმა თანხა სხვა კუთხითაც მოიზიდონ. ეს ამავდროულად ეხმარება კომპანიებს ეფექტურობის და გამჭვირვალობის გაზრდაში. ვფიქრობ საქართველოს აქვს პოტენციალი ამ კუთხით ჩამოყალიბდეს რეგიონალურ ცენტრად. 

სახელმწიფოს შეუძლია, ქვეყნის ცნობადობა გაზარდოს, გარემო გააუმჯობესოს, დანარჩენი კერძო სექტორის პრეროგატივაა. დიდად არ მგონია, რომ სახელმწიფოს შეუძლია, ინვესტორების მოზიდვაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს თუ გარემო არ მოწესრიგდა. ინვესტიციების მოზიდვა ბიზნესის ამოცანაა, მთავრობის ამოცანა კი თამაშის წესების გამჭვირვალობა, სამართლიანობა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს“. - თქვა ზურაბ ლალაზაშვილმა.

„ნიკორა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა აღნიშნა, რომ განვითარებული კაპიტალის ბაზარი იძლევა განსხვავებული ტიპის სახსრების მოძიების საშუალებას.

„კაპიტალის ბაზრის განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის აუცილებელია. კომპანიებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განვითარებული კაპიტალის ბაზარი იძლევა განსხვავებული ტიპის სახსრების მოძიების საშუალებას, რაც ბიზნესისთვის ძალიან კარგია“, - ამბობს ირაკლი ბოქოლიშვილი.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის რეგიონალური ცენტრი გახდეს.

„კაპიტალის ბაზრები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წელი, როცა ლოკალური ბაზრებზე ლარის გამოშვება გაორმაგდა და 2 მლრდ-ს მიაღწია. ვფიქრობთ, ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა. საქართველოს გააჩნია პოტენციალი, გახდეს რეგიონალური ცენტრი კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.