Henley Passport Index-ის ყოველთვიური რეიტინგის ბოლო მონაცემებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს კვლავ ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.
კერძოდ, თუ წინა კვლევაში ქართული პასპორტით უვიზო მოგზაურობა 122 ქვეყანაში იყო შესაძლებელი, ამჯერად უვიზო მიმართულებების რაოდენობა ერთი ქვეყნით, 123-მდე გაიზარდა.
წინა კვლევისას საქართველო 227 მიმართულებისა და 199 პასპორტის რეიტინგში ორი პუნქტით დაწინაურდა და 42-ე ადგილზე გადავიდა, რა პოზიციასაც ამჟამადაც ინარჩუნებს. 42-ე პოზიციაზე საქართველოსთან ერთად არის ბოსნია-ჰერცოგოვინა, წყნარი ოკეანის ორი სახელმწიფო, კირიბატი და კუნძულოვანი მიკრონეზია, ასევე, აშშ-სთან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო, პალაუ.
რაც შეეხება რეგიონის მეზობლებს, პასპორტის სიძლიერით საქართველოს თურქეთი და რუსეთი მოსდევს. აღნიშნული ქვეყნები 114 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით რეიტინგში წინა 45-ე ადგილიდან ამჟამად 46-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ.
ასევე, ერთი პოზიციით ჩამოქვეითდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი. აზერბაიჯანი 72 ქვეყანაში უვიზო მოგზაურობით 68-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი 67 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით 71-ე ადგილზეა.
ქართული პასპორტით უვიზოდ 123 ქვეყანაში იმოგზაურებთ
ყველაზე ძლიერი პასპორტების ტოპ 10-ეული ასეთია:
- სინგაპური - 193 უვიზო მიმართულება
- იაპონია და სამხრეთ კორეა - 190
- დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია და ესპანეთი - 189
- ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია და შვედეთი - 188
- საბერძნეთი, ახალი ზელანდია და შვეიცარია - 187
- გაერთიანებული სამეფო - 186
- ავსტრალია, ჩეხეთი, უნგრეთი, მალტა და პოლონეთი - 185
- კანადა, ესტონეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები - 184
- ხორვატია, ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია - 183
- ისლანდია, ლიეტუვა და აშშ - 182
ცნობისთვის: Henley Passport Index-ს 20-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს ყველა პასპორტის ორიგინალურ, ყველაზე ავტორიტეტულ რეიტინგს იმ დანიშნულების ადგილების რაოდენობით წარმოადგენს, რომლებიც პასპორტის მფლობელებისთვის წინასწარი ვიზის გარეშე არის ხელმისაწვდომი. რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (International Air Transport Authority-IATA) ექსკლუზიურ მონაცემებს ეყრდნობა და 199 პასპორტსა და 227 დანიშნულების ადგილს მოიცავს. ყოველთვიური განახლებით Henley Passport Index მსოფლიოს მოქალაქეებისა და სუვერენული სახელმწიფოების სტანდარტულ საცნობარო ინსტრუმენტად ითვლება.