„ქართველ ავტოიმპორტიორებს ჩამოჰყავთ ავტომობილები, მაგრამ გაყიდვა ძალიან ჭირს. კონკურენციას გვიწევენ შუა აზიიდან ჩამოსული ხალხი, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ბიზნეს“, - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციისთვის, ავტოიმპორტიორები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყირგიზმა და ყაზახმა ავტოდილერებმა საქართველოში გახსნეს ცენტრები და ავტომობილების იმპორტი და შემდეგ ექსპორტი თავად დაიწყეს. ეს კი მაშინ, როცა ყირგიზეთისა და ყაზახეთის ბაზარი რეექსპორტის კუთხით ქართველი დილერებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო.

ასე მაგალითად, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი ყირგიზეთია. კერძოდ, წელს ყირგიზეთში 759.1 მლნ დოლარის (23 624 ერთეული) ავტომობილები გავიდა. ამასთანავე, მხოლოდ ყირგიზეთში იანვარ-ივლისში წლიურად 40%-ით არის გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი. უფრო დეტალურად, შარშან შვიდ თვეში ექსპორტირებულია 538.8 მლნ დოლარის (15 059 ავტომობილი).

რეიტინგში ყირგიზეთს მოსდევს ყაზახეთი. ამ ბაზარზე 2025 წლის შვიდ თვეში 426.1 მლნ დოლარის (24 812 ერთეული) ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. შარშან იმავე პერიოდში კი 384.2 მლნ დოლარის (28 237 ერთეული) მანქანები გავიდა. ეს აჩვენებს, რომ ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 11%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბაზრიდან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ზრდას აჩვენებს, ქართველი ავტოდილერები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ყირგიზი და ყაზახი მოთამაშეების ავტოიმპორტ-ექსპორტში ჩართვამ ქართველ დილერებს გაყიდვების პრობლემა აქვთ.

„ზოგადი ტენდენცია ავტობაზრობებზე არის ასეთი, რომ ქართველ ავტოიმპორტიორებს ჩამოჰყავთ ავტომობილები, მაგრამ გაყიდვა ძალიან ჭირს. მოგეხსენებათ, რომ კონკურენციას გვიწევენ შუა აზიიდან ჩამოსული ხალხი, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ბიზნეს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სექტორში არიან დასაქმებული და არჩენენ ოჯახში. მათაც კი უჭირთ, ვისაც მეორე და მესამე დამატებით საქმედ აქვთ ავტოიმპორტი“, - აღნიშნავს დარბაისელი.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, იმ ფონზე, როცა საქართველოს ბაზარზე შუა აზიელი დილერები გამოჩნდნენ, საქართველოს მხოლოდ ტრანზიტის როლიღა დარჩა და ქვეყანაში მხოლოდ რეექსპორტის გადასახადს ტოვებენ, რაც საშუალოდ 150-200 ლარის ფარგლებშია.

„აქამდე ყაზახები და ყირგიზები ჩამოდიოდნენ, ყიდულობდნენ საქართველოში ავტომობილებს და გაჰყავდათ რეექსპორტზე. დღეს ისინი თავად იწერენ ამერიკის აუქციონებიდან ავტომობილებს, ჩამოჰყავთ ფოთის ან ბათუმის პორტში, შემდგომ ჩადიან ამ პორტებში, გამოჰყავთ ავტომობილები და მთელ ამ რგოლში საქართველო ტრანზიტის როლს ასრულებს. მინიმალური, რეექსპორტის თანხას ტოვებენ ჩვენთან; დაახლოებით 150-200 ლარს შეადგენს ეს თანხა.

ამას ემატება ისიც, რომ ქართველი ავტოდილერი ამოცანის გარეშე დარჩა. ადრე თუ ყაზახები და ყირგიზები ჩვენი მყიდველები იყვნენ, დღეს კონკურენციაში შემოდიან ჩვენთან. მათ საქართველოში გახსნეს თავისი კომპანიები, ავტოსერვისები და ა.შ. ურთულესი მდგომარეობაა, ძალიან ბევრმა დატოვა ავტო ბიზნესი. თუ გინდ პორტში, თუ გინდ რუსთავის გადაფორმების ცენტრებში რომ მიხვიდეთ ნებისმიერ დღეს, იქ დაგხვდებათ შუა აზიიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი, რიგში დგანან. შესაძლოა, 10 ადამიანიდან 1 იყოს ქართველი, ეს ქართველიც ის კატეგორიაა, თავისთვის რომ ჩამოიყვანა ავტომობილი და არა გასაყიდად. ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენი ბიზნესი ძირითადად გათვლილია რეექსპორტზე“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლაშა დარბაისელი.

რაც შეეხება მთლიან რეექსპორტსა და იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ იზრდება როგორც მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, ისე ექსპორტი. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 1.479 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები (ჯამში 60 442 ერთეული). ეს კი მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში ექსპორტირებულია 1.193 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები (სულ 57 323 ერთეული).

რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებულია 1.879 მილიარდი დოლარის ღირებულების 118 293 ავტომობილი. წელს იმავე პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 125 296 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 2.058 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. მიუხედავად ექსპორტ-იმპორტის ზრდისა, ადგილობრივი ავტოდილერები სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

bpn.ge