Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი თავართქილაძის შეფასებით სახელმწიფო პროექტებში ფასების ინდექსაციის გარეშე ბიზნესს კაპიტალის შექმნა და ინვესტიციების განვითარებისკენ მიმართვა გაუჭირდებათ. ამის შესახებ მან „საქმის კურსთან“ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას არსებული გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დარგის წარმომადგენლები მათი საჭიროებების შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრსაც ესაუბრნენ.
„სახელმწიფო პროექტების შემსრულებლებისთვის ფასების ინდექსაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ინფრასტრუქტურის მინისტრს ვესაუბრეთ. საქსტატმა დაიწყო სამშენებლო ინდექსის გამოთვლა, რომელიც ყოველწლიურად მზარდია განსაკუთრებით მუშახელის ხელფასების ნაწილში. ვფიქრობ, კომპანიებს სახელმწიფო პროექტების ფასების ინდექსაციის გარეშე კაპიტალის შექმნა და ინვესტიციების განვითარებისკენ მიმართვა გაუჭირდებათ, რადგან პრაქტიკულად ეს ხარჯები პროექტების შემსრულებელ კომპანიებს აწვებათ. ინდექსაცია ერთწლიან პროექტებზეც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სამშენებლო ინდექსი კომპანიების შემოსავალზე აისახოს“, - აცხადებს გიორგი თავართქილაძე.
მისი განმარტებით, მშენებლობის პროცესში ბევრი ისეთი დეტალი შეიძლება გამოვლინდეს, რომლის გათვალისწინებაც პროექტირებისას ვერ მოხდეს. შესაბამისად, Tesen Group ასეთი ხარვეზები მინიმუმამდე შემცირებას გეგმავს.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია იყოს ხარისხში, კვალიფიკაციაში და ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელიც საბოლოო ჯამში გრძელვადიან სტაბილურობაზე იქნება გათვლილი. აქედან გამომდინარე დამკვეთების მოთხოვნად უფრო მიზანმიმართული ხდება და გათვლილია არამხოლოდ პროდუქტის შექმნაზე არამედ მის გრძელვადიანობაზე. აქედან გამომდინარე ის ინფრასტრუქტურული კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ წლებია ვთანამშრომლობთ, ვავითარებთ ჩვენს შესაძლებლობებს და თანამედროვე მშენებლობის სტანდარტებზე გადავდივართ.
პროექტები ზოგადად ხარვეზიანი არის, თუმცა იდეალური პროექტები არსად არ არის სამყაროში. მშენებლობა ძალიან რთული პროცესია, ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალი შეიძლება მშენებლობის პროცესში გამოვლინდეს, რომელიც დაპროექტებისას ვერ გაითვალისწინო. ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი ხარისხი უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ მისი განხორციელება სწორად მოხდეს და ვადებში არ მოხდეს ჩამორჩენა, რაც ზრდის მოცულობის ნაწილს, მეთოდოლოგიას და ა.შ.“, - თქვა Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.