გასულ კვირას, პურის მცხობელებმა სექტორში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. ,,პურის მცხობელთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს. მიზეზად მან ფქვილზე ფასის მატება დაასახელა. ფასის შენარჩუნების მიზნით მალხაზ დოლიძე რუსეთიდან შემოსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის მოხსნას ითხოვდა. პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა ითხოვეს. შეხვედრა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შედგა და საკითხის გადაჭრის გზების ძიება დაიწყო.

,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა შედეგით დასრულდა კონსულტაციები და რაზე შეთანხმდნენ მხარეები. დეტალების გასაგებად ჩვენ ,,ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს’’ ლევან სილაგავას დავუკავშირდით. მისი თქმით, ორ მთავარ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი არ მოიხსნება. რეგულაცია 1 მარტამდე მოქმედებს, თუმცა ის აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდება. პურის ფასი მინიმუმ ერთი თვე არ გაძვირდება. პროდუქტზე მომავალში ფასის შენარჩუნების მიზნით კი კონსულტაციები გაგრძელდება.

,,რაც შემიძლია გითხრათ ნამდვილად და დანამდვილებით, საიმპორტო გადასახადის მოხსნაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ იქნება და 1 მარტის მერე ეს გაგრძელდება. რა სახით იქნება, რამდენი იქნება ოდენობა მოსაკრებლის და დაბალანსებული როგორ იქნება, ამაზე მსჯელობა იქნება. არ განიხილება ის, რომ საიმპორტო გადასახადი მოიხსნას. იმიტომ, რომ რეალურად საიმპორტო გადასახადი აბალანსებს სამივე დარგს. შესაბამისად მისი მოხსნა შეიძლება ყოფილიყო ერთი დარგისთვის მისაღები, მაგრამ არა დანარჩენი ორისთვის. შესაბამისად, გადაწყვეტილება დაბალანსებული უნდა იყოს. ვთანხმდებით, რომ დღეს დღეობით არავითარი წინაპირობა იმისა, რომ პურზე ფასი გაიზარდოს არ არსებობს. იმიტომ, რომ ფქვილის ნაწილი, ის რაოდენობა, რომელიც 52 ლარად აქვთ მიღებული პურის ქარხნებს, მათი მარაგები არის. რეალურად, რამდენიმე დიდი წისქვილ კომბინატი მათ შორის, კონკრეტულად შემიძლია დავასახელო ,,ჯეომილი’’, მარნეულის წისქვილკომბინატი ზუსტად 52 ლარად ყიდის ფქვილს. არ აუწევიათ ფასი. უახლოეს მომავლის პერსპექტივას თუ განვიხილავთ, უახლოეს თვეს თუ განვიხილავთ, ფქვილიდან გამომდინარე რეალურად გამოწვევა არ არსებობს პურის ფასთან მიმართებაში, რომ რაიმე ცვლილება განხორციელდეს. ამაზე ვთანხმდებით ყველა დარგი, მათ შორის სამინისტრო.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ლევან სილაგავა.

ლევან სილაგავა განმარტავს, რომ საიმპორტო გადასახადის დატოვება სექტორში მოქმედი სამივე დარგისთვის საჭიროა, რათა მათ სტაბილურად იმუშაონ. შეხვედრაზე დადასტურდა, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მეპურეები პურზე არსებულ ფასს შეინარჩუნებენ და გაძვირებაზე საუბარი არ იქნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმას. ,,ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს’’ აცხადებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება, რათა საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღონ. ლევან სილაგავას განმარტებით, პურზე ფასის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ მექანიზმად ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა განიხილება.

,,ჩვენთან ხორბალი ძირითადად რუსეთიდან მოდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კარგად დაემთხვა ის, რომ ყაზახეთმა მიიღო საკმაოდ დიდი მოსავალი. მაგრამ ყაზახეთის პრობლემა ჩვენთან შემოსვლის არის ის, რომ ტრანსპორტირება ჯდება ძვირი. თუმცა, ყაზახეთის მთავრობამ ამ დიდ მოსავალთან დაკავშირებით, რომ გაყიდონ, დაიწყო ხელშეწყობა. კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე გაიტანენ ხორბალს მიიღებენ სატრანსპორტო სუბსიდირებას. ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, რაც ხელს უშლიდა ადრე კონკურენციაში შესვლაში. მათ შორის საქართველოს ბაზარზე ყაზახური ხორბლის რუსულ ხორბალთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფოს ჩართულობითაც გვექნება ყაზახურ მხარესთან ინფორმაციის მიმოცვლა. რეალურად, სადღაც კონკურენტულ ფასს უახლოვდება უკვე ყაზახური ხორბლის ფასი. შესაბამისად, შესაძლებელია ამით დაბალანსდეს მათ შორის ხორბლის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა. მათ შორის, რომ ფასი იყოს 52 ლარის ფარგლებში, რომ პურის ფასზე ამან არ იმოქმედოს. მანამდე მეპურეების თემაც რომ ავიღოთ, ისინიც თანხმდებიან, რომ უახლოეს მომავალში პურზე ფასის ცვლილება არ იგეგმება.’’- აცხადებს ლევან სილაგავა ,,კომერსანტთან“ საუბარში.

ლევან სილაგავას შეფასებით, ყაზახური ხორბალი სავარაუდოდ რუსულ ხორბალზე იაფი დაჯდება, რაც მომავალში პურზე ფასის შენარჩუნებას უზრუნველჰყოფს. საკითხზე ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

,,შესაძლებელია კონკურენტულ ფასად შემოვიდეს ყაზახური ხორბალი და ამან დააბალანსოს ფასი. ყაზაზური ხორბალი, სავარაუდოდ რუსულ ხორბალზე იაფი დაჯდება. მაგას ვითვლით ახლა. ყაზახეთში ცენტრალიზებულად იყიდება ხორბალი. არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ყიდის. შესაბამისად, მათთან მიდის კონსულტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლება უფრო კონკრეტულად ეგ საკითხი სადღაც 10 დღეში, 2 კვირაში დავდოთ.’’- აცხადებს ლევან სილაგავა.

შეხვედრაზე ,,ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ’’ ინიციატივა წარადგინა. ლევან სილაგავა ამბობს, რომ პურზე ფასის მომატების შემთხვევაში არსებობს მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია გაძვირებული თანხის სუბსიდირება თითოეულ პურზე. საუბარია ბიუჯეტში მობილიზებულ 50 მილიონზე, რომელიც ხაზინამ რუსულ ხორბალზე დაწესებული საიმპორტო გადასახადით მიიღო.

,,ჩვენ არ ვეძახით კლასიკურ სუბსიდირებას. იმიტომ, რომ ეს ფული მოზიდულია ამ მექანიზმის შიგნით. ჩვენ ხომ საიმპორტო გადასახადის მექანიზმის სარგებლიანობაზე ვლაპარაკობთ. შესაბამისად, ეს სარგებლიანობა მოიტანა. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა შეიქმნება, ამ სტაბილიზაციის ფონდიდან ხდებოდეს გარკვეული დროის განმავლობაში ფასის დაჭერა. ეს საკმაოდ კარგი მექანიზმია. დღის წესრიგში დგას, მაგრამ რომელი საკითხი იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ ალბათ 10 დღეში კიდევ შევიკრიბებით. რომ უფრო კონკრეტიკისკენ წავიდეთ.’’- აცხადებს ლევან სილაგავა.