“ბლუ ბერდ ბერიზ"-ისა და GPR Nuts-ის დამფუძნებელი, ბაია სალუქვაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო დეფიციტის ფონზე ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა, თუმცა დასძინა, რომ სექტორის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს დიდი წინსვლა არ აქვს. კერძოდ, ბაღების გაშენების ტემპი და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები კვლავ გაუმჯობესებას საჭიროებს. მოთხოვნის ზრდა კი, ძირითადად სხვა ქვეყნების არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა განაპირობა.
„როგორც ქვეყანა, ვერ ვიტყვი, რომ თხილის სექტორში რაიმე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს - არც ბაღების გაშენების დინამიკაში და არც ფაროსანასთან ბრძოლაში. თუმცა, მოთხოვნა გაიზარდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტია. აპრილში, ყვავილობის შემდგომ პერიოდში, ძლიერი ყინვის შედეგად თურქეთის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა. მსგავსი შეფერხებები იყო იტალიაშიც, სადაც მოსავალი ფაქტობრივად განახევრდა“, - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე განმარტებით, სწორედ ამან გახადა ალტერნატიული ბაზრები - მათ შორის საქართველო უფრო საინტერესო მყიდველებისთვის : „ჩვენ, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის მწარმოებლები, ყოველთვის ვამბობთ, რომ ქართული თხილი არ არის უბრალოდ ალტერნატივა. შეგვიძლია ევროპელი მყიდველების მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილოთ. წლევანდელი სეზონი კი კარგი შესაძლებლობაა, რომ ბაზარზე პოზიციები გავაძლიეროთ და სტაბილური პარტნიორობები დავამყაროთ“, - აღნიშნა ბაია სალუქვაძემ.
ბაია სალუქვაძემ ყურადღება ფაროსანას პრობლემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი ზეგავლენა თხილის წარმოებაზე კვლავ მნიშვნელოვნად იგრძნობა.
„ფაროსანამ თურქეთში მოსავლის დაახლოებით 25-35% დააზიანა, ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სამწუხაროდ, პრობლემა კვლავ აქტუალურია საქართველოში. ბოლო წლებში მწერის დაზიანებები უკვე აღმოსავლეთ რეგიონებშიც ფიქსირდება. ეს საგანგაშოა, რადგან იქ მაღალი ხარისხის და მოვლილი ბაღებია“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
რაც შეეხება თხილის ფასის წარმოქმნას ბაზარზე, სალუქვაძე ამბობს, რომ საქართველოს წილი გლობალურ თხილის ბაზარზე იმდენად მცირეა, რომ საერთაშორისო ფასებზე გავლენას ვერ ახდენს.
„საქართველოს წლიური მოსავალი გაუტეხავი თხილის პირობებში დაახლოებით 50-55 ათასი ტონაა, მაშინ როცა თურქეთი ნორმალურ პირობებში 750 ათას ტონას აწარმოებს. შესაბამისად, საქართველო საერთაშორისო ფასის ფორმირებაზე ვერ ახდენს გავლენას. ჩვენ ჯერ კიდევ ალტერნატივად ვრჩებით, თუმცა ხარისხიანი პროდუქციით შეგვიძლია საინტერესო ბაზრად ვიქცეთ“, - აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, თხილის ფასების ზრდა ფერმერებისთვის დამატებითი სტიმულია, თუმცა გრძელვადიანი განვითარება მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებებით და სისტემური მიდგომით იქნება შესაძლებელი.