დედაქალაქში საპარკინგე სივრცეების სიმწირეა. ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად გასაჩერებელი ადგილების რაოდენობა არ იმატებს. შედეგად ინფრასტრუქტურა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მონაცემებით, თბილისში 2018-2023 ლებში საპარკინგე ადგილების რაოდენობა 5 263 ერთეულით შემცირდა, ხოლო პარკირების ჯარიმების რაოდენობა 7.3 ჯერ გაიზარდა.

საპარკინგე ადგილების სიმწირეს უჩივიან სადისტრიბუციო კომპანიებიც. აცხადებენ, რომ დაჯარიმების გარეშე პროდუქციის მიწოდებას ვერ ახერხებენ, რაც ხარჯებს უზრდით.

სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თბილისში 550 საპარკინგე სივრცე უნდა მოწყობილიყო. გადაწყვეტილება თბილისის მერიამ 2022 წელს მიიღო, თუმცა ამ რაოდენობის სივრცის გამოყოფა ვერ მოხერხდა.

სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ითხოვდა. თავის დროზე, ასოციაციამ მერიას ის კრიტიკული 550 ლოკაცია წარუდგინა, სადაც პროდუქციის მიწოდება დაჯარიმების გარეშე შეუძლებელი იყო. თუმცა დედაქალაქში ამ დრომდე, მხოლოდ 120 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი.

არსებული პრობლემის შესახებ ,,კომერსანტის დილაში“ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანებისთვის დედაქალაქის მასშტაბით გამოყოფილი საპარკინგე სივრცე საკმარისი არ არის, რაც ყველა ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიისთვის ფინანსური ტვირთია. მისივე განმარტებით, ჯარიმების გაზრდილი ოდენობა პროდუქციის ფასზე მოქმედებს და ის დახლზე საბოლოოდ, გაძვირებული თავსდება.

,,არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია დაჯარიმების გარეშე პროდუქციის მიწოდება. სამართალდარღვევის ოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხარჯებზე, რაც საბოლოოდ კომპანიებს პროდუქციის მიწოდებას უძვირებს და სამწუხაროდ, ეს აისახება ფასზე და თაროზე არსებულ მოცემულობაზე. მას შემდეგ, რაც ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' შევიდა ცვლილება და  ჯარიმის ოდენობა და ჯარიმების გამოწერის ინტენსივობა გაიზარდა, ეს აისახა პროდუქციის ფასზე. შესაბამისად, ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიები იძულებულები არიან, რომ ეს ფასში გაითვალისწინონ.’’- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მერიას რამდენიმე წინადადებით მიმართა.

,,ჩვენ გვქონდა შუამდგომლობა, მათ შორის დედაქალაქის მერიასთან და საპატრულო პოლიციასთან, რომ საპარკინგე ადგილების გამოყოფამდე მაქსიმალურად ლმობიერი ყოფილიყო მიდგომა სადისტრიბუციო მანქანების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობას არ აბრკოლებს და არ ქმნის საცობს, ამ შემთხვევაში მიდგომა იყოს მაქსიმალურად ლმობიერი. ის, რომ აქ დგომაა აკრძალული არ მოხდეს ამის გამო დაჯარიმება. საზღვარგარეთ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავს შემთხვევაში სადისტრიბუციო მანქანა სპეციალურ ნიშანს ათავსებს, რომ ხდება სურსათის მიწოდება და შესაბამისი სამსახურები არ აჯარიმებენ.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილაში“ ლაშა რიჟამაძე. 

მერიისთვის წარდგენილ შეთავაზებებს შორის იყო სპეციალური ბაზის შექმნაც, სადაც ის ავტომობილები აღირიცხებოდა, რომლებიც პროდუქციის მიწოდებას ახორციელებენ.

,,ასოციაცია დედაქალაქის მერიას ვთავაზობდით, რომ სპეციალურ ბაზაში აღვრიცხავდით სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მიმწოდებელი კომპანიების სარგებლობაში არსებულ ავტომობილებს. გათვალისწინებული ყოფილიყო იმ შემთხვევებში, როდესაც საცობს არ ქმნიდა და სპეციალური სადგომიდან 2 მეტრით შეიძლება ყოფილიყო გადაცილებული. ჩვენ ვთავაზობდით, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილების დაჯარიმება არ მომხდარიყო. ეს ალბათ ყველაზე ეფექტური იქნებოდა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის მერიას ამ კუთხით დადებითი პოზიცია არ აქვს.’’- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

კიდევ ერთი გამოსავალი პროდუქციის ღამის საათებში მიწოდებაა. თუმცა, აქ სხვა გამოწვევები იჩენს თავს. კერძოდ, პროდუქციის მიმღებ მაღაზიებსა და კვების ობიექტებს დამატებით, ახალი თანამშრომლების მიღება მოუწევთ, რაც ხარჯებს გაზრდის და საბოლოოდ, პროდუქტის ფასზე აისახება.

,,პრობლემა დგას პროდუქციის მიმღებში. ეს გულისხმობს დამატებითი კადრების აყვანის საჭიროებას. მარკეტების ძალიან მცირე რაოდენობა არის 24 საათიანი. გარდა საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტებისა, არის ბევრი სხვა წერტილი, იქნება ეს მცირე კვების ობიექტები თუ სასტუმრო, რომლებსაც მოუწევთ დამატებითი კადრების აყვანა. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზეგავლენის გამომწვევი აღმოჩნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ვამუშავებთ, რომ ფინანსური მონაცემები წარვადგინოთ, თუ რა დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ აისახოს პროდუქციის საბოლოო ფასზე. თუ ეს სექტორისთვის იქნება რამდენიმე მილიონიანი ხარჯი, ეს საბოლოო პროდუქციის ფასში აისახება. ამიტომ საკმაოდ დეტალურ ანალიზს საჭიროებს.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილაში“ საუბრისას ლაშა რიჟამაძემ.

დედაქალაქში დინამიკურად მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის გადასაჭრელად თბილისის მერიამ 2018 წელს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობა გადაწყვიტა. თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია PWC-მა 10 ადგილი შეირჩა. მერიის პოზიცია 2019 წელს შეიცვალა. მაშინ განმარტეს, რომ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა მერიისთვის პრიორიტეტული აღარ იყო. 2022 წელს კი ითქვა, რომ თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი არ იყო.