ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. ცვლილებების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ადამიანებს სადაზღვევო კომპანია 35 ათას ლარამდე ზარალს აუნაზღაურებს.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინა კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დაზღვევის ღირებულება კანონის ძალაში შესვლამდე კიდევ გადაიხედება, თუმცა ის არ იქნება ფიქსირებული, არამედ დამოკიდებული იქნება ვალუტის კურსსა და ინფლაციის დონეზე.
„დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, განსაკუთრებით დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, რა ზარალიანობა იქნება, როგორ დაიწყებენ მოხმარებას მოქალაქეები, რამდენად იქნებიან ყურადღებით ან პირიქით - საერთოდ არა, რადგან მაგალითად ბევრ ქვეყანაში მსგავსი პროდუქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ადამიანებმა პასუხისმგებლობა სრულად გადააბარეს სადაზღვევო კომპანიებს.
არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განისაზღვრება ფასწარმოქმნაც, თუმცა კანონის ძალაში შესვლამდე ფასი კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამოკიდებული ვალუტის კურსსა და ინფლაციის დონეზე იქნება. ამჟამად, თუ კარგი პირობები და სადაზღვევო ლიმიტი გვინდა, დაზღვევის ღირებულება ფიზიკური პირისთვის წელიწადში 220-230 ლარამდეა, გააჩნია ასევე რა ღირებულების ავტომანქანაა.
სექტორი მზად არის და მოსახლეობას სრულად ავუხსნით, რა სარგებელს იღებს სავალდებულო დაზღვევით. აქტიური მუშაობა გვჭირდება, რომ მოხდეს ყველას დარწმუნება, რომ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა არ არის დამატებითი გადასახადი, არამედ ეს არის შველა მანქანის მფლობელი მოქალაქეებისთვის, რათა მათ რისკები ავარიდოთ”, - ამბობს ნინა კობახიძე.
მისი თქმით, პირველ რიგში მთავარია სექტორის მიმართ ნდობის გაზრდა, ამას კი სადაზღვევო ბაზრის მოცულობის დაახლოებით 2.5 მლრდ ლარიანი ზრდა მოჰყვება.
„რაც შეეხება სადაზღვევო ინდუსტრიის მომგებიანობის ზრდას, პირველ წლებში არ ველოდებით, რომ ძალიან მომგებიანი პროდუქტი იქნება, თუმცა ვფიქრობთ, სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ ნდობა უფრო გაიზრდება, როდესაც 1.5 მილიონი ადამიანი საკუთარ ავტომობილს მესამე პირის წინაშე დააზღვევს.
ამ ცვლილების შედეგად დაახლოებით ₾2.5 მლრდ-მდე შეიძლება გაიზარდოს სადაზღვევო სექტორის მოცულობა”, - აღნიშნავს ნინა კობახიძე.
სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას წლებია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.