უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანია Emaar ჯგუფის Eagle Hills-ი საქართველოში $5.5 მილიარდიანი ინვესტიციით ორი პროექტს - „კრწანისის პარკი“ თბილისში და „გონიო მარინა“ ბათუმში განახორციელებს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, განსახორციელებელი პროექტი კრწანისის ტყე-პარკს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
როგორც რენდერებიდან ირკვევა, გონიოს პროექტი იახტკლუბს და რამდენიმე მრავალსართულიან შენობას გულისხმობს.
გამოცემა Forbes -ი Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასთან 5,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ქვეყნის ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის. გამოცემა ყურადღებას უთმობს დაგეგმილი პროექტის ურბანული განვითარების დეტალებს.
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა უძრავი ქონების დეველოპერმა Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასთან 5,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების მიზნით ქვეყნის ურბანული ტერიტორიების განვითარებისთვის.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ორი პროექტის განვითარებაზე - ერთი საქართველოს დედაქალაქში, ხოლო მეორე ქალაქ ბათუმში. პროექტები ფოკუსირებული იქნება ქვეყანაში მდგრადობისა და ინოვაციების განვითარებაზე, მაღალი ხარისხის ობიექტების განვითარებასა და საქართველოს ეკონომიკური პირობების გაძლიერებაზე. თბილისის კრწანისის პარკი მდინარისპირა პროექტია, რომელიც გაშენდება 590 ჰექტარ მიწაზე, საიდანაც 170 ჰექტარი მოიცავს პარკებსა და გამწვანებას. პროექტი ასევე მოიცავს საცხოვრებელ ფართებს, მაღაზიებს და პრემიუმ სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს. გარდა ამისა, ბათუმში „გონიო მარინა“ ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს. იგი მოიცავს სანაპირო ზონას, რომელიც განვითარდება პროექტის გარშემო. "გონიო მარინას“ ექნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ფართები, ფეშენებელური სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და დიდი რეკრეაციული პარკი. პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას, უძრავი ქონების ბაზრის გაძლიერებას და ტურიზმს“, - აღნიშნულია "ფორბსის“ სტატიაში.
ცნობისთვის, EMAAR-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებს შორის ბურჯ ხალიფაც შედის. ჯგუფი UAE-სა და სპარსეთის ყურის რეგიონში მსხვილ მრავალფუნქციურ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს.
ჰოლდინგის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს EMAAR-ის წმინდა მოგებამ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.