დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო დაზარალდა სარესტორნე ინდუსტრიაც. რესტორნებში მკვეთრად შემცირებულია სტუმრების რაოდენობა. მომსახურების ობიექტებში მიუთითებენ, რომ კლებაა როგორც უცხოელების, ასევე  ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც. პირველ შემთხვევაში უქმდება ტურისტული ჯავშნები, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს კი შესაბამისი განწყობა არ აქვთ. 

უკვე მეთხუთმეტე დღეა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი ყოველიურად ბევრ ქალაქში იმართება. ასეთ ფონზე კი პრობლემები შეიქმნა ბიზნესში.

მომსახურების სხვა სექტორების მსგავსად კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ სტუმარმასპინძლობის სფერიშიც. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის ინფორმაციით, რესტორნებში სტუმრების რაოდენობა შემცირდა, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი შესაბამისი განწყობა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, რთულმა პოლიტიკურმა გარემოებამ სარესტორნე ინდუსტრიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. რასაკვირველია, შემცირდა მომხმარებლთა რაოდენობა. რესტორანი ხომ სასადილო და საშაურმე არ არის, რომ ადამიანმა უბრალოდ ისადილოს და წამოვიდეს. რესტორანსა და კაფეში ადამიანი გასართობად მიდის, მაგრამ როდესაც შესაბამისი განწყობა არ არის, არც კაფეში წავა ადამიანი და არც რესტორანში.

კანტიკუნტად მაინც მოდიან სტუმრები, მაგრამ მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებსაც რომ ჰკითხოთ, ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული", - განუცხადა „რეზონანსს" კოტე გაბრიჩიძემ.

ამ პერიოდში რესტორნებში უკვე დაწყებულია ხოლმე წინასაახალწლო შეკვეთები სხვადასხვა კოორპორაციული ბანკეტებისთვის, მაგრამ ახლა ამ მხრივაც მკვეთრი შემცირებაა.

პრობლემაზე ისაუბრა ბიზნესის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. როგორც  რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში გაურკვეველი სიტუაციაა, პერსპექტივა არ ჩანს, რაც ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს ნებისმიერ ინდუსტრიაზე.

„დღეს შექმნილი ვითარება მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდ გავლენას იქონიებს არა მხოლოდ სარესტორნე სფეროზე, არამედ სხვა ნებისმიერ ინდუსტრიაზე, რომდელიც დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს და ბიზნესად ითვლება.

გაურკვეველ სიტუაციაში ვართ და რეალური პერსპექტივა არ ჩანს და ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს. ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რა თქმა უნდა, დადებით ასახვას ვერ მოახდენს.

რესტორნებში სტუმრების პასიურობა ტურისტებისგანაც შეიმჩნევა და ადგილობრივი მოსახლეობისგანაც. რეალურად, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა კლებადია, ჯავშნები უქმდება. ჩვენი მოლოდინით, ზამთარში კურორტებზე, უნდა ყოფილიყო მოთხოვნა, მაგრამ ყველგან შემცირებულია.

რა თქმა უნდა, ადგილობრივი სტუმრებიც პასიურობენ. აქ ორი მომენტია,  ერთი ის, რომ ადამიანი დადის აქციაზე და მეორე ის, რომ რესტორანში წასასვლელად შესაბამისი განწყობა აღარ არის", - განუცხადა „რეზონანსს" შოთა ბურჯნაძემ და დასძინა, რომ არ კეთდება წინასაახალწლო ჯავშნები, რომლებიც კოორპორაციულ თუ სხვადასხვა წვეულებებთან არის დაკავშირებული.

რესტორნის მფლობელები ამბობენ, რომ სხვა წლებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული დეკემბერია, რადგან მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული როგორც რესტორან „სოფიკოს", პიცერია „ჯენაროს" და „საბლეს" დამფუძნებელმა ირაკლი კახიძემ განაცხადა, ქვეყანაში სადღესასწაულო განწყობა საერთოდ არ არის, შესაბამისად, ხალხის აქტივობა გამეოთხედებულია.

„ჩვენს სფეროს, განსაკუთრებით იმ ობიექტებს, რომლებიც ძველი თბილისის ტერიტორიაზეა განთავსებული, დაძაბული სიტუაცია ყველაზე მეტად შეეხო. წინა წლებთან და თვეებთან შედარებით, ფაქტობრივად, 3/4-ით შემცირდა სტუმრების რაოდენობა.

ადგილობრივები ამ ეტაპზე ძალიან ცოტაა, ძირითადად, მაინც უცხოელი ტურისტები პატარ-პატარა ჯგუფებად გვსტუმრობენ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ დედაქალაქს. მათ ორგანიზებული ჰქონდათ და აღარ გააუქმეს ესა თუ ის ღონისძიება. თბილისის მასშტაბით ცენტრალურ უბნებში რამდენიმე კვების ობიექტს ვფლობთ, ასევე გვაქვს სხვადასხვა უბნებშიც. ამის ფონზე შეგვიძლია ვთქვა, რომ რეალიზაცია რადიკალურად არის შემცირებული. არა მხოლოდ სტუმრიანობა, გამოძახების კუთხითაც იკლო მოთხოვნამ. განსაკუთრებით წინა კვირაში, როდესაც ქალაქში ძლიერი საპროტესტო მუხტი იყო, საერთოდ არ გვქონდა გაყიდვა.

სიტუაცია ძალიან ცუდია. ჩვენ თბილისში, კვების ობიექტების გარდა, რამდენიმე საკონდიტრო მაღაზიასაც ვფლობთ. დეკემბერი, მოგეხსენებათ, ამ სფეროსთვის აქტიური და მოთხოვნადი თვეა, მაგრამ წელს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მოთხოვნა რადიკალურად არის შემცირებული. თუ შარშან კორპორაციული შეკვეთები გვქონდა, კომპანიები ემზადებოდნენ, სასაჩუქრე ნაკრებს აკეთებდნენ და საკონდიტრო ნაწარმს გვიკვეთავდნენ, წელს სულ რამდენიმე შეკვეთა გვაქვს. როგორც ვხვდები კომპანიებსაც არ აქვთ განწყობა", - განაცხადა ირაკლი კახიძემ.

www.resonancedaily.com