დუბაის წამყვანი კომპანია Mira Developments-ი თბილისში მილიარდიანი პრემიუმ პროექტით Mira Verde-თი შემოდის. როგორც კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტი კრწანისში, Tbilisi Hills-ის ტერიტორიაზე აშენდება.

„იტალიურ ბრენდ Trussardi-სთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტ Mira Developments თბილისის საცხოვრებელ ლანდშაფტში თანამედროვე მილანური დიზაინის ენას შემოაქვს“, - წერია პროექტის აღწერაში.

პროექტით გათვალისწინებულია ერთ ლოკაციაზე მდიდრული ვილების, სკოლის, AI უნივერსიტეტის, საფეხბურთო მოედნის განთავსება.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, სტუდიოს ტიპის აპარტამენტების ფასი 175 000 დოლარიდან იწყება (37 კვ.მ-დან), აპარტამენტების 330 000 დოლარიდან, თაუნჰაუსების 990 000 დოლარიდან, ვილების 2.2 დოლარი, ხოლო სასახლეების ფასი 5.5 მლნ დოლარია.

Mira Developments არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არის: Trussardi, Gianfranco Ferré, Elie Saab, Bentley Home და John Richmond. კომპანიის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე ტიმურ მამაიხანოვია.

რუსული ფულის გათეთრების სქემა დუბაიში - ჟურნალისტური გამოძიების დეტალები

გასულ წელს „დოსიეს ცენტრმა“ გამოავლინა, თუ როგორ მუშაობს მიწისქვეშა კრიპტო ქსელი და რუსებს კითხვების გარეშე დუბაიში ფულის გადარიცხვაში დახმარებას ჰპირდება. მოგზაურობა იწყება ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნით, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარე საშუალო კლასის სასტუმროში უნდა მიიტანონ. ეს ფული შემდეგ შეიძლება გარდაიქმნას, მაგალითად, დუბაიში ბინად, რომელსაც ოფშორული კომპანია კლიენტის სახელზე შეიძენს.

სწორედ ამ სქემის ნაწილი აღმოჩნდა Mira Developments-ის მფლობელი ტიმურ მამაიხანოვი. „დოსიეს ცენტრმა“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს რეესტრის შემოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანი ამჟამად დუბაიში სამ კომპანიას მართავს. კომპანიები, რომლებიც გაერთიანებულია MIRA ბრენდის ქვეშ, ეწევიან განვითარებას, უძრავი ქონების მომსახურებას და ასევე ეხმარებიან არსებული ქონების იჯარით აღებას, არაბთა გაერთიანებული საამიროების რეზიდენტობის მოპოვებას, პირადი და კორპორატიული ანგარიშების გახსნას და კომპანიების რეგისტრაციას, მათი ვებსაიტის მიხედვით.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, MIRA ჯგუფის წარმომადგენელი დაეხმარა თავის კლიენტებს არაბთა გაერთიანებული საამიროების რეზიდენტობის მიღებასა და საბანკო ანგარიშების გახსნაში. ეს ყველაფერი საჭირო იყო კლიენტების ფულის ლეგალიზაციისთვის - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დუბაის მეშვეობით მის გასათეთრებლად.

„დოსიეს ცენტრმა“ გამოიძია, რომ მამაიხანოვი დაკავშირებულია ფულის გათეთრების სქემასთან, რომელსაც სანქცირებული ეკატერინა ჟდანოვა და მისი ქმარი ხაჯი-მურატ მაგომედოვი ახორციელებდნენ. 

ცნობისთვის, ტიმურ მამაიხანოვი საქართველოში 50%-იან წილს ფლობს სასტუმრო „მირა ჰოტელში“, რომელიც თბილისში, ბროსეს ქუჩაზე მდებარეობს.