2025 წლის რთველის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან 75 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიის სუბსიდირების შესახებ“ განკარგულების შესაბამისად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ყურძნის შესყიდვა გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით უნდა უზრუნველყოს 75 მლნ ლარის მიმართვა "მოსავლის მართვის კომპანიის" ანგარიშზე სუბსიდიის სახით.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის რთვლის პროცესში კახეთში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს.

ამასთან, გაწერილია 1 კგ ყურძნის სუბსიდირების ფასიც. კერძოდ, კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ - სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

რაც შეეხება რაჭას, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე (აღნიშნული ჯიშების ყურძნისგან მზადდება ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“).

bp.ge