ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ხელშესახებად შემცირდა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" "ჩირიფრუტის" თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საკმაოდ რთული წელი იყო, რამაც ბიზნესის განვითარება შეაფერხა, თუმცა წლიურ ჭრილში კომპანიის გაყიდვები 10%-მდე გაიზარდა.

სოფია ჯიქიას თქმით, კომპანია ორი ახალი პროდუქტის დამატებას აპირებდა, თუმცა აღნიშნულმა პროექტმა მომდევნო წლისთვის გადაინაცვლა.

"ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველების რიცხვიც გაიზარდა. ჩვენი პროდუქცია მაღალბიუჯეტიანია და ამიტომ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ყოველთვის აისახება ხოლმე ჩვენს გაყიდვებზე.

ახალი პროდუქტები - შოკოლადში ამოვლებული ფინიკი და ფორთოხალი თითქმის მზად გვაქვს და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულისთვის შევძლებთ ჩავუშვათ გაყიდვაში", - აცხადებს სოფიო ჯიქია.

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

"ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა. დასაქმებულია 30-ზე მეტი  ადამიანი.

bp.ge