ბოლო პერიოდია, ქართული ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებსგან აქტიურად გვესმის ინიციატივა, რომ უცხოელი კონკურენტებისთვის, განსაკუთრებით იაფი მოვჭრეებისთვის (Temu, Shain..) დამატებითი რეგულაციები უნდა დაწესდეს, რადგან მათთან საფასო ნაწილში კონკურენცია გამორიცხულია, რაც საბოლოო ჯამში, ადგილობრივ ბაზარს აზარალებს.
ეკონომისტი ამირან კაპანაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი რეგულაციების დაწესება უსამართლო იქნება მომხმარებლების მიმართ, რადგან ფასის ფაქტორი დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ მოქალაქეებს ყველა უფლება აქვთ პროდუქტი მათთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინონ, თუნდაც უცხოელი მოვაჭრეებისგან.
კაპანაძის შეფასებით, ადგილობრივ ბიზნესს ნიშის დაკავება მხოლოდ თანაბარ პირობებში, ჯანსაღი კონკურენციის დროს შეუძლია და არა სახელმწიფოს წახალისებით.
,,სახელმწიფოსგან დამატებითი პროტექტორატის მოთხოვნა იმიტომ, რომ კონკურენტი შემოდის ისეთი, რომელიც საფასო სეგმენტში უწევს კონკურენციასადგილობრივ ბიზნესს და ამის გამო რეგულაციები დაუწესდეთ, არასამართლიანი მგონია, როგორც მინიმუმ, მომხმარებლებთან მიმართებით, რადგან კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დაბალ მსყიდველუნარიანი მოსახლეობა ვართ და ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, როცა კონკურენტი შემოდის თუნდაც ჩინეთიდან, რომელსაც კარგად აწყობილი ლოჯისტიკა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცაში გვჯობნიან და რაღაც დასახვეწი გვაქვს. ბიზნესი შეჯიბრი უნდა იყოს და ქართულმა ელექტრონულმა კომერციამ სხვა თანაბარი პირობების გათვალისწინებით უნდა შეძლოს თავისი ნიშის დაკავება",- ამბობს ამირან კაპანაძე რადიო "კომერსანტის" ეთერში.
მისივე თქმით, თუ მთავრობა ონლაინვაჭრობაზე დამატებით რეგულაციებს დააწესებს, ამით პირველ რიგში, სწორედ საშუალო და დაბალი ფენის მოქალაქეები დაზარალდებიან.
,,როცა ადგილობრივ ბაზარზე წუწუნებენ თუნდაც იმას, რომ ჩვენ გადასახადებს ვიხდით და იმპორტირებული არ იხდისო, არის სიცრუე. იქიდან გამომდინარე, რომ როცა თუნდაც ამერიკიდან ან ევროპიდან ვიწერთ რაღაცას, ჩვენ იქ ადგილობრივ გადასახადებს ვიხდით, გვაქვს ტრანსპორტირების ხარჯიც. მომხმარებლის პოზიციაში რომ ჩავიყენოთ თავი, გვთხოვენ, გადავიხადოთ ადგილობრივი გადასახადები იქ, პლუს დავამატოთ ქართული გადასახადები და ტრანსპორტირების ხარჯიც.მარტივად რომ ვთქვათ, უსამართლოა თუ ასე ერთგვაროვანი რეგულაციით მივუდგებით. თუმცა, ტარიფის დაწესება იმავე ჩინეთზე თითქმის გამორიცხულია, რადგან ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცდილობს, მათთან სიტუაცია დაალაგოს და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მიიღოს",- აღნიშნა ეკონომისტმა ამირან კაპანაძემ.