2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში როგორც დაფასოებული, ისე დაუფასოებელი მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. ქვეყანამ წელს 11 თვეში 489.5 მლნ დოლარის დაფასოებული მედიკამენტები შეიძინა, გასულ წელთან შედარებით 35.7%-ით მეტი.

რაც შეეხება დაუფასოებელ მედიკამენტებს, საქართველომ წელს 12.8 მლნ აშშ დოლარის ასეთი მედიკამენტები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 11.2 მლნ აშშ დოლარის.

ტოპ-5 კომპანია რომლებმაც წელს მედიკამენტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განახორციელეს შემდეგია:

  • სს გეფა - კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% - ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% - მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია (წყარო - reportal.ge). დირექტორია ანდრო თევზაძე.
  • შპს აბულფარმ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია.
  • შპს შოთაფარმ - აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია, რომელიც ზემოთნახსენებ აბულფარმს ფლობს.
  • შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
  • შპს პსპ ფარმა - კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, ხუთეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

დაფასოებული მედიკამენტების მთავარი იმპორტიორი ქვეყნები შედეგია:

  • თურქეთი - 136.2 მლნ აშშ დოლარი
  • შვეიცარია - 53.09 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 52.1 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 36.4 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 28.5 მლნ აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 16.5 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვენია - 15.2 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 5.06 მლნ აშშ დოლარი
  • ლიეტუვა - 12.4 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 11.5 მლნ აშშ დოლარი.

დაუფასოებელი მედიკამენტების მთავარი იმპორტიორები შემდეგია:

  • ინდოეთი - 3.1 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 1.4 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ლატვია - 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 1.06 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 1.02 მლნ აშშ დოლარი
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 887.7 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 737.5 ათასი აშშ დოლარი
  • სამხრეთ კორეა - 304.3 ათასი აშშ დოლარი.