უკვე ერთი დღეა, რაც მეხანძრე-მაშველები ,,ლილო მოლში“ ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. შენობაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ცეცხლის კერები. უცნობია ზარალის ოდენობა.

,,ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ზარალს ცეცხლის სრული ლიკვიდაციის შემდეგ შენობაში შესვლის შემდეგ დაითვლიან. დაზღვეული იყო ყველა მეწარმე და თავად შენობაც, თუმცა დირექტორი გია კვარაცხელია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამით პრობლემა მასშტაბურობას არ კარგავს, რადგან ყველაფრის აღდგენას ბევრი დრო და რესურსები დასჭირდება.

 

,,ნარჩენი კერების ჩაქრობა მიდის. სანამ არ მორჩება, მანამდე შენობასთან არავის არ უშვებენ. გრძელდება ცეცხლის ქრობა. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ერთი სართული იყო სამაღაზიო სივრცე და ზედა სართული სასაწყობო იყო. დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრის ფართობია. მთლიანად შენობა არის განადგურებული. პირველ სართულზე წყალი და სიმხურვალე გააფუჭებდა პროდუქციას. ზედა სართულს ეკიდა ცეცხლი. მე როგორც მაქვს ინფორმაცია დაზღვევა აბსოლუტურად ყველას ჰქონდა. შენობაც დაზღვეული იყო, თუმცა ეს პრობლემის სიმძიმეს არ ხსნის. ამის აღდგენას, რამდენი დრო და ნერვები დასჭირდება.’’- აცხადებს გია კვარაცხელია.

ორსართულიან შენობაში განთავსებული იყო როგორც საწყობები ასევე მაღაზიები და საოფისე ფართები. მათ შორის იყო საახალწლო ინვენტარის მაღაზია ,,7 სპილოც''.

„განთავსებული იყო სხვადასხვა პროდუქცია. ტექნიკა ნაკლებად. უფრო სამოსი. ასევე ცნობილი მაღაზია 7 სპილო, სადაც მთელი საქართველო ნაძვის ხეებსა და საახალწლო ატრიბუტებს ყიდულობდა“,- აცხადებს ,,ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზი, გია კვარაცხელიას საკითხზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ შემთხვევა სამუშაო საათების დროს მოხდა და შენობაში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. შესაბამისად გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

,,გამომწვევ მიზეზებზე რაც ვრცელდება, ყველაფერი ჭორის დონეზეა. სანამ გამოძიება არ იტყვის, არავინ არ იცის რამ გამოიწვია. ჭორაობას ვერ დავიწყებ. მუშა პროცესი იყო და ყველაფერს შეიძლება გამოეწვია ცეცხლი. ხალხი იყო შიგნით. ველოდებით, რომ ჩააქრონ და შევძლოთ უსაფრთხოდ შენობაში შესვლა. ამის შემდეგ მოგვცემენ თუ არა ნებართვას მივხედავთ საქმეს“, - აცხადებს „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორი გია კვარაცხელია

 ლილო მოლის ერთ-ერთ შენობაში 28 იანვარს დაახლოებით 15:30 საათისთვის ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17 საათისთვის შეძლო