როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.

„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაშ მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალონ, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ, ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი მოკლევადიანი რყევები ყოველთვის აისახება ბიზნესსა და ლარის კურსზე, თუმცა ყოველ ჯერზე ძალიან მალე ხდებოდა როგორც კურსის, ისე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება.

„ახლაც ასეა. როგორც კი ეს ძალადობრივი რესურსი გამოეცალა ოლპოზიციას, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური პროცესებიც თანდათან სულ უფრო მეტად სტაბილურდება. იანვრიდან ველოდებით, რომ სრული მასშტაბით აღდგება ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც გვქონდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამიტომ ამ კუთხით ბიზნესს არაფერი ემუქრება. ამ შეხვედრის შემდეგ იყო შეთავაზება ჩვენი მხრიდან, რომ იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები, დამატებით ღია ეთერის ფორმატში, საჯაროდ გაგვემართა დისკუსია. ბიზნესთან შეთავაზება როცა იყო, მათაც გვთხოვეს, სახელებით არ დაგვეკონკრეტებინა, მაგრამ ხალხი ალბათ მიხვდება ვისზეც არის საუბარი, მათაც უარი განაცხადეს საჯარო დისკუსიაზე. თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, რატომ არ მოდიხარ ამ დისკუსიაზე? მათაც შეეშინდათ ამ დისკუსიის და უარი თქვეს პირდაპირ ეთერში დაჯდომაზე. ჯანსაღი დისკუსია იყო ის, რაც მათ შევთავაზეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს