„რიყის დოქების“ მფლობელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და კომპანია „მაქრო ფროფერთი“ გახდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ნ.გ.ბ-მ“, რომელიც ბოლო მონაცემებით „რიყის დოქების“ მფლობელი იყო, მიმართა რეესტრს, რათა „რიყის დოქების“ მესაკუთრე კომპანიაში - შპს „რიყე დომ-ში“ მისი კუთვნილი 100%-იანი წილი სრულად გადასცემოდა შპს „მაქრო ფროფერთის“.

„მაქრო ფროფერთმა“ „რიყე დომ-ში“ წილები 2 840 000 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, კომპანიამ აიღო ვალდებულება „რიყე დომის“ ფინანსური ვალდებულება, რომელიც მას GLOBAL VICTORY TRUST-თან აქვს და სამ ეტაპად უნდა გადაუხადოს კომპანიას ჯამში 10.6 მილიონი ლარი.

შპს „მაქრო ფროფერთი“ სამეწარმეო რეესტრში 2025 წლის აპრილში დარეგისტრირდა. კომპანიაში დირექტორები ბიზნესმენი მიხეილ ტყეშელაშვილი და თურქეთის მოქალაქე ომერ ქირაჩია. წილებს სრულად ფლობს შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“. თავის მხრივ, 2013 წელს რეგისტრირებული „მაქრო ქონსთრაქშენის“ წილებს სრულად ფლობს თურქეთის მოქალაქე ემინ უჩარი.

ცნობისთვის, ე.წ. რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად 2022 წელს გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთ-ერთი აქციონერი დავით ხიდაშელის კომპანია იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

თუმცა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის“ დოქები ერთი თვის წინ გაყიდა და მისი მესაკუთრე შპს „რიყე დომი“ გახდა, რომელიც ამ დრომდე შპს ნ.გ.ბ. ეკუთვნოდა.