სასტუმროებს სახელფასო ფონდთან გამკლავება უჭირთ. ამ პოზიციას მმართველი მენეჯერები ,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან” აფიქსირებენ. ალიანსი სექტორში არსებულ ვითარებას სწავლობს და კვლევას ატარებს. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელფასების გაცემის პრობლემა სასტუმროებს ორი მიზეზით აქვთ, იკლო დატვირთულობამ და ასევე შემცირდა ბიზნესის შემოსავლები.

,,სასტუმროების მმართველი მენეჯერები აფიქსირებენ, რომ უჭირთ სახელფასო ფონდთან გამკლავება, უწევთ თანამშრომლების დათხოვნა სამსახურიდან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დატვირთულობამ იკლო, შემოსავლების რაოდენობამაც იკლო. იმისთვის, რომ სასტუმრომ გააგრძელოს ფუნქციონირება უწევს უფრო დაბალი ბიუჯეტით მომსახურება, რაც გათვლილი არ ჰქონდათ წინა წელს. შესაბამისად, ეს აისახება მათ ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაზე.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’’ თანადამფუძნებელი საკონფერენციო სივრცეებზე შემცირებულ მოთხოვნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საკონფერენციო დარბაზების გაქირავება სასტუმროებისთვის შემოსავლის წყარო იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ღონისძიება გაუქმდა და ბევრმა ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნამ იკლო.

,,საკონფერენციო სივრცეები შემოსავლის დამატებითი წყაროა განთავსების ობიექტისთვის. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია დაიხურა. აღარ იმართება კონფერენციები, აღარ ტარდება საქმიანი შეხვედრები იმ მასშტაბით, რაც ტარდებოდა. 3 თვის განმავლობაში მიღებულ შედეგებს თუ შევაფასებთ, საკონფერენციო სივრცეებთან დაკავშირებით არის მოთხოვნის ვარდნა. არ არის ქვეყნისთვის კარგი ასეთი დინამიკა.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.

სასტუმრო სექტორში არსებულ პრობლემებზე ბაზრის დიდი მოთამაშეები საჯაროდ და ღიად არ საუბრობენ. ,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’’ თანადამფუძნებელს ვკითხეთ, რატომ დუმან ისინი? თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ ამ ინდუსტრიაში ჩართულ მსხვილ მოთამაშეებს როგორც წესი მხოლოდ სასტუმრო ბიზნესი არ აქვთ. სხვა ბიზნესებით კი სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებული, შესაბამისად, არ სურთ პრობლემურ საკითხებზე საუბარი.

,,დიდი ჯგუფის მეპატრონეები როგორც წესი, არა მხოლოდ სასტუმრო ბიზნეს ფლობენ, არამედ სხვა ბიზნესებსაც. დივერსიფიცირებულია მათი აქტივები და სხვა ბიზნესებით არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან. ნეგატიური ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მისი გავრცელება მათთვის არ არის მისასალმებელი, როგორც ჩანს აქვთ ურთიერთობა ეკონომიკის სამინისტროსთან, იმართება შეხვედრები მათთან და აქტუალურ პრობლემებზე საუბარი. სფეროსთვის არასოლიდარული დამოკიდებულებაა, რაც მხოლოდ დიდი ჯგუფების გადარჩენაზე და მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზეა გათვლილი. ყველას წვლილია მნიშვნელოვანი. ის, რომ გარიგებებში შეიძლება სახელმწიფო შევიდეს კერძო სექტორთან, რომელიც დიდ ბიზნეს ფლობს საერთო სურათს გააფუჭებს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ თავს იკავებენ რეალური სურათის აღწერისგან. რიგი ორგანიზაციები თავს იკავებენ არსებული სიტუაციის აღწერისგან. თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ დასამალიც არაფერი არ უნდა იყოს.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი. 

,,საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის’’ თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სექტორის გასავითარებლად საჭიროა ობიექტური და მიუკერძოებელი კვლევების ჩატარება, რომელიც რეალურ სურათს ასახავს. თამუნა თანდაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნის მიხედვით მოქმედება ქვეყანაში მხოლოდ იმ ბიზნესის განვითარებას გამოიწვევს, რომელიც მმართველ პოლიტიკურ გუნდთან არის დაახლოებული, რაც მცირე და საშუალო მოთამაშეებს დააზარალებს.

,,თუ არ გაკეთდება რეგულარული კვლევები, ოღონდ ეს კვლევები უნდა ეფუძნებოდეს ინფორმაციის აბსოლუტურ სისწორეს და არ უნდა იყოს ემოციურ დონეზე ან პოლიტიკური გემოვნების მიხედვით მიკუთვნებული, მაშინ როდესაც რიგი განთავსების ობიექტების მმართველი მენეჯერები ცდილობენ თავი მოაწონონ ან თავი დაუხარონ მმართველ გუნდს და მათთვის ხელსაყრელი ინფორმაცია გაავრცელონ, რომელიც რეალურად, სიმართლეს არ შეესაბამება. კონცენტრირება თუ მოხდება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, მაშინ გვექნება მმართველ ჯგუფთან დაახლოებული პირების ბიზნესების აყვავება. დანარჩენი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.