რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, კოტე გაბრიჩიძე, სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მენიუს გაძვირების ობიექტურ მიზეზებზე საუბრობს. მისი განმარტებით, რესტორნებისთვის ფასების ცვალებადობა არასასურველი პროცესია, თუმცა გაზრდილი ხარჯების ფონზე, ფასების შენარჩუნება შეუძლებელი ხდება.

"საქმიან დილაში" სტუმრობისას კოტე გაბრიჩიძე განმარტავს, რომ ფასების ზრდას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გაძვირებული კომუნალური გადასახადები და პროდუქცია, მზარდი საიჯარო ქირა და თანამშრომლების ხელფასების მომატების აუცილებლობა.

“რესტორანს ძალიან არ უნდა, არ უყვარს ფასების თამაში. მაგალითად, მე დიდი სიამოვნებით, ფასს წლების განმავლობაში არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ამ ფასის ცვალებადობაზე სულ ყოველთვის, ტურისტი იქნება თუ ადგილობრივი, მიდის ხოლმე დისკუსია.

მირჩევნია სტაბილურობა იყოს, მაგრამ როდესაც რაღაც ერთი კომპონენტი ძვირდება სხვა გზა აღარ არის. მაგალითად, თანამშრომლის ხელფასი ითხოვს მომატებას, იმიტომ რომ არ ყოფნის მას ფული, გუშინ ჰყოფნიდა, მაგრამ დღეს იმდენად გაიზარდა ფასები რომ თანამშრომელი გეუბნება მომიმატეო.

რაღაც პერიოდულობით იჯარაც იზრდება. კბილებით გვიჭირავს ფასები და ბოლო ბოლო ჩვენც იძულებული ვართ, რომ სიტუაციას დავეწიოთ - ბევრი პარამეტრია ერთობლიობაში. შპს-ს რეგისტრაცია გაძვირდა ორჯერ, დენის ფასი გაიზარდა, ნაგვის გატანა გაძვირდა. უამრავი ზემოქმედება მოხდა ფასებზე, სულ ყოველთვის ზრდაზე. კლება თითქმის არ არსებობს”, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე.

ვრცლად bm.ge - ზე