ჯანდაცვის სამინისტრომ, რეგულირების სააგენტომ, მოგვიანებით კი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთეს განცხადება, რომ ეპილეფსიის მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოსთან“ დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი დეფიციტი ხელოვნურია.
აღნიშნულ საკითხს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და კონკრეტულმა კომპანიებმა და ასოციაციებმა აღნიშნული გადაწყვეტილება და ბრალდება დაგმეს.
საკითხს იკვლევს კონკურენციის სააგენტოც.
როგორია ფარმაცევტული სექტორის პოზიცია - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტის წარმოება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სანოსი“ აწარმოებს, მსოფლიოს მასშტაბით შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წამალი არ შემოდის იმ რაოდენობით, რაც ქვეყანაში არსებული პაციენტების რაოდენობას დააკმაყოფილებს.
„საქმე ისაა, რომ მიწოდებაში გარკვეული წყვეტა იყო, რაც რეფერენტულ ფასებს არ უკავშირდება, არც საქართველოში არსებული პირობების შეცვლას და მიმწოდებლების მიერ ინტერესის დაკარგვასთან არის დაკავშირებული. მიწოდების შეფერხება მოხდა მწარმოებელი კომპანიის მხრიდან, ბუნებრივია ამან გააჩინა კითხვები მათ შორის რეგულატორების მხრიდანაც, რომ ეს ხომ არ არის იმის გამო, რომ დისტრიბუტორულ კომპანიებს წამალი რეფერენტული ფასით არ შემოაქვთ, ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან ამ თვეში მედიკამენტი რეფერენტული ფასით შემოდიოდა და თავიდან კომპანიას ჰქონდა კითხვები ამაზე და სამინისტროს ფასის გადახედვაზეც მიემართა, რაზეც სამინისტროს პოზიცია იყო, რომ ფასის გადახედვა არ იყო საჭირო. მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხება გამოიწვია იმან, რომ წარმოება იმ რაოდენობით აღარ ხდება, რაც ადრე იყო, ეს არის ძირითადი მიზეზი და ამის აღმოფხვრაზე მიდის მუშაობა მწარმოებელ კომპანიასთან და სამინისტროსთან თანამშრომლობით,“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.
ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს საკითხის კვლევის ლეგიტიმური უფლება აქვს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე დარღვევა არსებობს ასოციაციის ინტერესშიც არის ამის გამოვლენა და დასჯა.
„ჩვენ არ ველით, რომ კონკურენციის სააგენტო რაიმე შეთანხმებული ტიპის დარღვევას დაადგენს, რაც შეეხება დეფიციტს, როგორც ვიცი გარკვეულ აფთიაქებში აღნიშნულ წამალს ვერ ნახულობენ, ამის მიზეზი არის ისიც, რომ მარაგების მიმართ შეიქმნა გარკვეული პანიკა და ადამიანებმა რომლებსაც ეს მედიკამენტი სჭირდებათ ჭარბად შეიძინეს“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.