თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 6 ნომერში შესაძლოა 5 სართულიანი კაფე-ბარი აშენდეს. პროექტზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის სექტემბერში გაიცა, 24 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ამ დრომდე არც კი დაწყებულა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ჯერ კიდევ წლების წინ შპს „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“ გეგმავდა, 11 წლის წინ კომპანია არსებულ მიწის ნაკვეთზე ოფისის აშენებას აპირებდა. ტერიტორია 10 წლის წინ შპს „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ შპს „კონფიდენს გრუპს“ გადაეცა, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვაზე თანხმობა მიიღო, რამდენიმე თვის შემდეგ (2022 წლის ბოლოს) კი ტერიტორია შპს „დი ელ ვი ფროფერთი მენეჯმენტ“-ის საკუთრება გახდა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე დაფუძნდა. ეს უკანასკნელი, აზერბაიჯანის მოქალაქე სალიმა შაჰბაზოვას (50%) და შპს „ჰაგან გრუპს“ (50%) ეკუთვნის, დირექტორი კი ოზგურ დურდაბაქია, რომელიც ასევე „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მრჩეველია სამშენებლო საკითხებში. თავის მხრივ, შპს „ჰაგან გრუპის“ 100%-იან წილს აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან ალიევი ფლობს.
წელიწად-ნახევრის წინ შპს „კონფიდენს გრუპის“ მიერ მიღებული მშენებლობის ნებართვის მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის ცენტრში 5 სართულიანი შენობის 4 სართულზე კაფე-ბარი, მეხუთეზე კი საოფისე ფართი განთავსდება.
„ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #6-ში დაპროექტდა ხუთ სართულიანი შენობა სარდაფით. შენობის პირველი ოთხი სართული ეთმობა საერთო სარგებლობის საზოგადოებრივ სივრცეს: კაფე-ბარი (სწრაფი კვების ობიექტი), სამზარეულო, სანკვანძები, აივნები. მეხუთე სართულზე გათვალისწინებულია საოფისე ფართები. სარდაფში განთავსებულია ტექნიკური დანიშნულების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
ვერტიკალური კომუნიკაციები ხორციელდება შიდა კიბით და ლიფტით. ასევე დამატებით დაპროექტდა გარე საევაკუაციო კიბე. შენობას ასევე გააჩნია სარდაფი -3.30 ნიშნულზე. მთავარი ფასადი გამოდის ი. ჭავჭავაძის გამზირზე. შენობის სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტა არის მინიმალისტური, სახურავი ბრტყელი, ფასადებზე გამოიყენება მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟის სისტემა, კედლები ილესება და იღებება ღია ნაცრისფერი ფაქტურიანი საღებავით, ტერასებზე არის მინის მოაჯირები. უკანა ფასადზე საევაკუაციო კიბის გარე კედელზე მონტაჟდება ალუმინის ტიხარი“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.