გასულ წელს დეველოპერულმა კომპანიამ „ორბი ჯგუფმა“ 300 მილიონ დოლარიანი „ცენტრალ პარკ თაუერის“ მომავალი კომპლექსის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა და ჯერ აუშენებელ სასტუმროების ჰაბში აპარტამენტების საკმაოდ ძვირად გაყიდვა დაიწყო. მიმდინარე წლის დასაწყისში კი კომპანიამ თქვა, რომ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის ასაშენებლად და პროექტის გაყიდვები გაააქტიურა. თუმცა, ბახმაროში მშენებლობის მასშტაბურობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საბოლოოდ კი გადაწყდა რომ პროექტი მცირედით შეიცვლებოდა და „ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2027 წლისთვის დასრულდებოდა.

„ორბმა“ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელება ბოლო ორი წლის განმავლობაში გაააქტიურა. როგორც, 2022 წლის ბოლოსთვის შპს „ორბი ჯგუფის“ (245621849, რომლის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენს: შპს უძრავი ქონების კომპანია ბათუმი, შპს რეალ ესთეით ბათუმი, შპს გინზა, შპს ინვესტმენტ მენეჯმენტ კომპანი, შპს ორბი ბიზნესცენტრი) ფინანსურ ანგარიშებში იყო მითითებული (ჰოლდინგში შემავალი კომპანიებიდან ანგარიშების პორტალზე მხოლოდ ამ კომპანიის ბოლო წლების მაჩვენებლების ნახვა არის შესაძლებელი), იმ დროისთვის ჯგუფი ზარალზე იყო და საერთოდ არ ჰქონდა მიმდინარე პროექტები. 

„2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფს არ აქვს მიმდინარე მშენებარე დეველოპერული პროექტი და მენეჯმენტი კონცენტრირებულია დასრულებული პროექტების სასტუმროდ ფუნქციონირებასა და განხორციელებული ინვესტიციების მართვაზე“, - ნათქვამი იყო 2022 წლის ანგარიშში.

შპს „ორბი ჯგუფს“ ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს ყველაზე ბოლო, 2022 წლის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს კომპანიის მიმდინარე აქტივები 84.6 მლნ. ლარს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებები 66.5 მლნ ლარს შეადგენდა, შესაბამისად იმ დროისთვის აქტივების 79% ვალდებულებებით ფინანსდებოდა. კომპანიამ 2022 წელი მომხმარებლებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან შემოსავლის სახით 13.6 მლნ ლარი მიიღო, ხოლო „ორბი ჯგუფის“ ზარალმა 3.7 მლნ ლარი შეადგინა.

ჰოლდინგის ერთ-ერთი მსხვილი შვილობილის „ორბი ჯგუფის“ ზარალის და ვალდებულებების მიუხედავად, მომდევნო ორ წელში ვითარება შეიცვალა, ამ დროისთვის, „ორბის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიას რამდენიმე მსხვილი მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის Central Park Towers (რომელსაც შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ ახორციელებს), ბახმარო და ბათუმის პროექტები. 

„ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტს კომპანია „ორბი“ „ბლოქ ჯგუფთან“ ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენებს. როგორც „ბლოქ ჯგუფის” გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი გასულ წლის ზაფხულში აცხადებდა, პროექტის ინვესტორები, მყიდველები ანუ ძირითადად საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან, იმ დროისთვის კი კომპლექსში 60%-ზე მეტი უკვე გაყიდული იყო.

როგორც კომპანიის სარეკლამო განცხადებებიდან ირკვევა, ამ დროისთვის პროექტის დასასრულებლად აქტიურად მიმდინარეობს Radisson Blu-ს სასტუმროს ნომრების გაყიდვები. 

„შეიძინეთ Radisson Blu-ს ნომერი თბილისში $150 000-ად და მიიღეთ წლიური შემოსავალი - $35 000.  „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ შეთავაზება, რომელიც 250 ნომერზე ვრცელდება, უკვე აქტიურ ფაზაშია.

იპოთეკური დაკრედიტების შემთხვევაში, თუ კლიენტისთვის გრძელვადიანი გადახდის პირობაა მისაღები, მას მხოლოდ $30 000 დოლარის მოძიება მოუწევს ბანკიდან. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არათუ ყოველთვიურ საბანკო ვალდებულებას დაფარავს, არამედ $1500-2000-მდე შემოსავალიც დარჩება“, - აღნიშნავს „ორბის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე. 

მსგავსი სქემით, წინასწარი გაყიდვებით და საბანკო გარანტიით მიმდინარეობს ბათუმში უმსხვილესი „ორბი კონტინენტალის“ პროექტიც.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ხომ არ ემუქრება საფრთხე „ორბის“ პროექტებს თუ აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად საკმარისი გაყიდვები არ განხორციელდა? ასევე შევეცადეთ კომპანიის ზარალის და ვალდებულებების პარალელურად, მათი საინვესტიციო და გაყიდვების სტრატეგიის დეტალების გარკვევას, თუმცა ამ ეტაპზე მათთან ინტერვიუს შეთანხმება ვერ მოხერხდა. 

შპს „ორბი ჯგუფი“ საქართველოში 2008 წელს დაარსდა, კომპანიის 2023 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, მისი 70%-ის მფლობელი შპს „ორბი 2005“-ია, ხოლო 30%-ს ზაზა ზოიძე ფლობს. რაც შეეხება შპს „ორბი ჯგუფი თბილისს“, რომელიც სასტუმროების ჰაბის მშენებლობას ახორციელებს, „ორბი ჯგუფი ბათუმი“ (100%-იანი წილის მფლობელი ზაზა ზოიძე) და მამუკა ჯანაშვილი ფლობენ.