სალომე კალანდაძე უმი კვებით პანდემიის პერიოდში დაინტერესდა და მთელი ეს პერიოდი აქტიურად ეწევა უმი ვეგანიზმის პროპაგანდას. 2 წლის წინ, „შარქ თენქ საქართველოს“ ბიზნეს-პროექტის 70 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო და ძველ თბილისში კაფე „უმმი“ გახსნა.
სალომე კალანდაძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში უმი კვების მიმართ ცნობადობა იზრდება და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქართველი მომხმარებლის ზრდა შეინიშნება.
„კომერსანტი“ სალომე კალანდაძეს უმი ვეგანიზმის არსზე, კაფე „უმმის“ შექმნასა, განვითარებასა და უმის კვებისა და ულუფების ფასებზე ესაუბრა.
რა არის უმი კვება?
სალომე კალანდაძე, კაფე „უმმის“ დამფუძნებელი: უმი ვეგანიზმი ეს არის გლობალური თანამედროვე მოძრაობა, რომელიც საკვების მომზადების მიმართ სუპერ-ჯანსაღ მიდგომას გულისხმობს. აქ იგულისხმება 100%-ით მცენარეული პროდუქტებით, თერმული დამუშავების გარეშე გაღივებული მარცვლეულისგან კერძების დამზადება. ამისათვის 4 ტექნოლოგია გამოიყენება: გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია. ჩვენ გვაქვს კაფე და სამზარეულო ტაფის და ქვაბის გარეშე, არც ვწვავთ, არც ვაცხობთ.
უმი ვეგანიზმი ეს არ არის რიგითი დიეტა, რომელიც ტრენდი გახდა. ეს არის მსოფლმხედველობა. ვეგანიზმი არის დოქტრინა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ცხოვრობდეს ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე. უმი ვეგანიზმი უფრო შორს მიდის და გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ამით შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გავზარდოთ. გავხდეთ უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები.
როდის და რა ინვესტიციით გახსენით კაფე „უმმი“?
„შარქ თენქ საქართველოს“ ბიზნეს-პროექტში მოვიპოვეთ 70 000-ლარიანი ინვესტიცია. პარტნიორად შემოვიდა პავლე მგელაძე და ერთად გავხსენით 2 წლის წინ კაფე.
თავდაპირველად, მიწოდების სერვისი გვქონდა, დღეს ადგილზე მომსახურების გარდა აქცენტი გამახვილებული გვაქვს დღის რაციონის შექმნაზე და მომხმარებლისთვის სრული მენიუს შეთავაზებაზე, რადგან ქართველ სეგმენტზე გასვლის შემდეგ, ბიზნესის გადმოსახედიდან, მივხვდით, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა მთელი დღის კვებაზეა.
ვინ არიან უფრო მეტად თქვენი მომხმარებლები, ქართველები თუ უცხოელები?
კაფეში უფრო მეტად გვსტუმრობდნენ უცხოელები, დღის მენიუს მომხმარებლები, რაც ჩვენი შემოსავლის ნახევარია, ქართველები არიან.
ინგრედიენტებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობთ, თუ შემოგაქვთ?
რაც შეიძლება რომ ადგილობრივ ბაზარზე შევიძინოთ, ადგილობრივი ორგანული პროდუქტის მწარმოებლებისგან ვყიდულობთ, მაგრამ ყველაფერი შეუძლებელია აქ მოვიპოვოთ. შესაბამისად, პროდუქტი უცხოეთიდანაც შემოგვაქვს.
რა ჯდება უმი კვება და როგორია უმი ულუფების ფასი?
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე არაბიუჯეტური კვებაა. რა ღირს თხილეული, მარცვლეული, პარკოსნები, ხილი, ბოსტნეული და ჩირეული ყველამ ვიცით და ამისგან ვამზადებთ კერძებს. შაქრის ნაცვლად ვიყენებთ ფინიკს, ფქვილის ნაცვლად - ნუშის ფქვილს და ქეშიუს. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანსაღი კვება, არაჯანსაღთან შედარებით, სამწუხაროდ, უფრო არაბიუჯეტურია. ჩვენი კვება, დაახლოებით 3-ჯერ რომ რესტორანში ვიკვებოთ, პლუს მენიუს შედგენა თვეში 3 000-4 000 ლარამდე ჯდება.
ულუფების ფასს რაც შეეხება, სალათები გვაქვს 19 ლარად, 25 ლარად - კერძები. რომ დანაყრდე, საშუალოდ ერთი კვება 30-40 ლარი ჯდება.