ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია "ვარძია" ლიეტუვის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მაისში კონკრეტული შედეგები გამოჩნდება.

"ლიეტუვის გარდა დამატებით ძალიან მინდა ავსტრიის ბაზარზე შესვლა. ავსტრიაში რამდენიმე კომპანია ქართული ლუდის დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს. შესაბამისად, დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ კომპანიებთან ვითანამშრომლო. აზიური ქვეყნებიდან მოთხოვნა არის, თუმცა არც ისე მაღალი. აზიის მიმართულებით ღვინო უფრო აქტუალური", - აცხადებს ზაზა ზედგენიძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, ადგილობრივ ბაზარზე ლუდზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შემცირებაა, რადგან კომპანიის მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან.

რაც შეეხება, ასპინძაში არსებულ კომპლექს - "მელუდის სახლს", რომელსაც ასევე კომპანია "ვარძია" ფლობს, როგორც ზაზა ზედგენიძე აღნიშნავს, ამ მიმართულებით დაინტერესება არის და მათი მომხმარებლები ძირითადად, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან არიან.

"ჩვენი ოთხი მიმართულება გვაქვს, ესენია: ვიზიტორებისთვის ლუდის დეგუსტაცია, ლუდის სპა, სასტუმროს მომსახურება და ასევე, რეკრეაციული ზონა ღია აუზით და მესხური კულინარიით. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ვიზიტორები არიან, რომლებიც სეზონურად არიან საქართველოში. ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზარი არის ევროპა, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნები და ჩინეთი ლუდის მოყვარულები არ არიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ტურისტები შემოვლენ და დაინტერესება გაიზრდება. წინა კვირაში ვუმასპინძლეთ ტურისტული სააგენტოების მიერ ორგანიზებულ ტურს და რამდენიმე წინასწარი შეკვეთა უკვე გვაქვს როგორც დეგუსტაციაზე, ისე სასტუმრო სერვისზე. მაგალითად, ახლო მომავალში გვყავს სტუმრები ამერიკიდან და შვეიცარიიდან", - აცხადებს ზაზა ზედგენიძე.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე, 6 სახეობის ლუდს აწარმოებს.

bp.ge