13 წლის წინ, კოპიტნარში მდებარე არსებულ აეროპორტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, საჰაერო ხომალდების სადგომები, ახალი ტერმინალი და ახალი სანავიგაციო კოშკურა.

საქართველოს შეემატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპაში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია.

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

,, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის გახდა. იუბილეს  აეროპორტი პარტნიორ კომპანიებთან ერთად აღნიშნავს და მთელი კვირის განმავლობაში მგზავრებს ელოდებათ განსაკუთრებული შეთავაზებები და სასიამოვნო სიურპრიზები.

ეს არის წარმატების ისტორია, რომელიც საქართველოს ავიაციის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 13 წლის განმავლობაში აეროპორტი სრულად განახლდა, ექვსჯერ გაფართოვდა და 8,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეს ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდად ითვლება და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში VISA-ს მხარდაჭერით, მთელი დღის განმავლობაში მგზავრების განწყობაზე ზრუნავს DJ, ასევე დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი მიმდინარეობს. მოგვიანებით კი მთავარი სიურპრიზის - ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულებით გაიმართება. გამარჯვებული მგზავრი,  დღეს, მემინგენის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე, გაფრენამდე გამოვლინდება.