მალტაზე ქართველმა ემიგრანტმა, პროფესიით ექიმმა რადიოლოგმა გაგა ბურჯანაძემ, ქართული ღვინის ბარი გასული წლის სექტემბერში გახსნა. საამისოდ მზადება 3 წლის წინ დაიწყო, მაგრამ პანდემიამ და კოვიდშეზღუდვებმა „თეთრი ხიდის“ გახსნა შეაფერხა.
როგორც „კომერსანტს“ გაგა ბურჯანაძე უყვება, ის წარმოშობით ქუთაისიდანაა, „მეათე თაობის ქუთაისელია“, და ბარის სახელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სამომავლოდ „თეთრი ხიდში“ პიკასოს ბიჭის ქანდაკების დადგმასაც აპირებს, რომ ბარი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.
„კომერსანტი“ გაგა ბურჯანაძეს მალტაზე ბიზნესის დაწყების სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორ გაჩნდა ქართული ბარი - „თეთრი ხიდი“ მალტაზე?
გაგა ბურჯანაძე, „თეთრი ხიდის“ მფლობელი: იდეა ბუნებრივად დაიბადა. ერთ-ერთ მალტურ რესტორანში შეფ-მზარეულად ვმუშაობდი და მიღებული გამოცდილების ფონზე გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ საკუთარი გამეკეთებინა. ამის შემდეგ ვცდილობდი, დასახული მიზანი, ნებისმიერი წინაღობის მიუხედავად, ბოლომდე მიმეყვანა.
„თეთრი ხიდის“ გახსნამდე გქონდათ ამ სფეროში რაიმე გამოცდილება?
ამ სფეროში აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ მქონია, არც ინგლისური ვიცოდი. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ რესტორანში დამხმარედ დავიწყე მუშაობა. მომცეს დავალება, რომ 6 თვეში მენიუში არსებული სალათების და სენდვიჩების კეთება მესწავლა, მომდევნო 6 თვეში კი - ვერმიშელით მომზადებული კერძების, ე.წ. პასტების, შემდეგ 6 თვეში - კი დარჩენილი მალტური სამზარეულოს კერძების (კურდღელი მალტურად, ბრაჯიოლი თუ ა.შ.). 4 თვეში უკვე Head-Cheff-ი გავხდი.
რა სირთულეებს წააწყდით უცხო ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისას?
რაც შეეხება სირთულეებს, რა თქმა უნდა, კომპანიის გახსნაა. მალტაზე საბანკო ანგარიშის შექმნა განსაკუთრებულად რთულია. ბარის ინვესტიცია მუშაობის დროს დაგროვილი პირადი დანაზოგი გახლდათ. მზადება 3 წლის წინ დავიწყე. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კოვიდრეგულაციები დაწესდა და, შესაბამისად, 2 წელი ვერ შევძელით ბარის გახსნა. ალბათ, თქმაც ზედმეტია, რა სირთულეებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი. საბოლოოდ, „თეთრი ხიდი“ 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა.
როგორია „თეთრი ხიდის“ მენიუ?
ძალიან მარტივი, მაგრამ გემრიელი მენიუ გვაქვს. სასმელებიდან - ადგილობრივი ღვინო და ლუდი და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო და ჭაჭა. ტურისტებს და ადგილობრივებს ქართული ღვინო მოსწონთ. არა მგონია, ჩვენს პროდუქტს ევროპაში რაიმე ჰქონდეს დასაწუნი.
ვინ არიან თქვენი კლიენტები?
ჩემი მომხმარებლების ძირითადი რაოდენობა ადგილობრივები და ტურისტები არიან. თუმცა, რამდენჯერმე ქართველი ტურისტების მასპინძლობის ბედნიერებაც მქონდა. ადგილობრივი ქართველებიც ხშირად მოდიან ჩვენთან.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება გეგმებს, პერსპექტივაში მაქვს ქართული ღვინის მაღაზიის გახსნა, სადაც ხარისხიანი ღვინის რეალიზებას ვეცდები. დარწმუნებული ვარ, ახალი მაღაზია სასიამოვნო ადგილი იქნება, როგორც მალტელებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. საამისოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ფართის მეპატრონესთან და საქართველოში ღვინის მწარმოებლებთანაც.