ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების დროს ბევრი ახსნა აღარ გვჭირდება ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, - ამის შესახებ საოჯახო მარანი "გოცირიძის მეღვინეობის" თანადამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინო ხარისხობრივად ევროპისა და ამერიკის მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს.

"ჩვენ ვაწარმოებთ ბიო ღვინოს, ქიმიკატების გარეშე, ჰერბიციდებსაც არ ვიყენებთ და შესაბამისად, ღვინოც ბიოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის არის. მეღვინეობის წლიური წარმადობა 4 000 – 5 000 - ბოთლამდეა. ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე - „8000 მოსავალში“ და სხვა სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში იყიდება. ეს უფრო ბუტიკური ღვინოა, ვიდრე მასობრივი მოხმარების. გარდა ამისა, ჩვენი ღვინოები „8000 მოსავლის“ ქსელში არამხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც არის წარმოდგენილი.

ვაპირებთ, რომ წლევანდელი მოსავლით უცხოურ ბაზრებზე გავიდეთ. ჩვენი სამიზნე ბაზრებია ევროპა და აშშ. ამჟამად მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, რომ იქაურ ბაზრებზე შეღწევა მოვახერხოთ. გვაქვს გარკვეული საუბრები გერმანიასთან, პოლონეთთან და გეგმაში გვაქვს, რომ ამ ბაზრებზე მომდევნო წელს აუცილებლად მოვხვდეთ. კარგი იქნება, თუ ექსპორტზე ჩვენი წარმოების 20-30% გაიყიდება. ჩვენი ღვინოები საშუალო საფასო კატეგორიაშია და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მაღაზიებში 35 ლარიდან 45 ლარამდე ღირს.

რაც შეეხება აზიურ ბაზრებს - ესეც ძალიან მიმზიდველი ბაზრებია, თუმცა ჩვენ მცირე მოცულობის ღვინო გვაქვს და ამ ტიპის ღვინოებს ევროპულ ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში უფრო სცემენ პატივს. ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბაზარი, რომელიც პოლიტიზებულია და ქართული პროდუქციისთვის საფრთხეებს შეიცავს, რუსეთია", - აცხადებს ანდრო გოცირიძე.

ცნობისთვის, საოჯახო მარანი „გოცირიძის მეღვინეობა“ სოფელ ართანაში მდებარეობს. ამ ბრენდის ქვეშ საოჯახო მეურნეობა ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. მეღვინეობას ვენახები სოფელ ართანასა და წინანდალში აქვს, სადაც რამდენიმე ჰა-ზე გაშენებულია ისეთი ჯიშის ვაზი, როგორიცაა: ვარდისფერი და მუსკატური რქაწითელი, საფერავი და ასევე, ფრანგული ჯიში - კაბერნე სოვინიონი. მარანი ღვინოს ძირითადად ქვევრში აყენებს.

bp.ge