კასპის რაიონ სოფელ ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის მარნის დამფუძნებლის, ვიქტორ გახელაძის ინფორმაციით, ქართულ ღვინოს, როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ ბაზარზე პოტენციალი აქვს.

როგორც ვიქტორ გახელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქართული ღვინის ხარისხი წლებთან ერთად მზარდია.

"ქართულ ღვინოს, როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ ბაზარზე პოტენციალი აქვს. სიახლეს ვერ ვიტყვი, ღვინის სექტორის წარმომადგენლები, ყოველთვის ამბობენ, რომ ჩვენი ღვინის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია! სამწუხაროდ, პირადად მე, ქვევრის ღვინო არ მაქვს, ევროპული წესით ვამზადებთ, მაგრამ ვფიქრობ, გემოვნური თვისებები და ისტორია პოპულარიზაციისთვის ძალიან აქტუალურია. აუცილებელია - ძლიერი მარკეტინგული ჩართულობა, რომ ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ. მოგეხსენებათ, ღვინო შეიძლება კარგი გქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ამ ყველაფერს, როგორ მიაწვდი. ხარისხის კუთხით, რამდენიმე ათეულ წელს რომ შევადაროთ, ქართული ღვინის ხარისხი გაიზარდა", - აღნიშნავს ვიქტორ გახელაძე.

მარნის დამფუძნებელმა გაყიდვების ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც ღვინის ხარისხს უკავშირებს.

"პირადად ჩემს ღვინის მარანს, რაც შეეხება, ამ ეტაპზე, ნახევარი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვყიდულობთ. მხოლოდ მხოლოდ, მიკრო ზონის დამახასიათებელი ჯიშები გვაქვს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერი. ღვინოს ევროპული წესით ვამზადებთ. ამჟამად, 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი სოფელში ფილმი "შერეკილებია" გადაღებული და აღნიშნული ფილმის თემატიკა გვინდოდა, რომ გაგვეცოცხლებინა, ამიტომ ღვინის ეტიკეტზე გადმოვიტანეთ", - აცხადებს ვიქტორ გახელაძე.

ამასთან, "გახელაძის მარნის" განვითარებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კომპანია სექტემბრის ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს. კერძოდ, აქამდე  "გახელაძის მარნის" მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება/შესყიდვა მხოლოდ მარანში მისულ ვიზიტორს შეეძლო, ახლა კი "გახელაძის მარნის" მიერ წარმოებული პროდუქცია, ღვინის მაღაზიებშიც გაიყიდება. 

ცნობისთვის, კასპის რაიონ სოფელ  ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის მარანი" ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მარანი 4 სახის ღვინოს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერის ევროპული წესით ამზადებს. 

bp.ge