მიმდინარე წლის 6 თვეში პოს ტვ-მ, იმედმა და ნიუსჰაბმა რეკლამებისთვის 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევის მიხედვით, Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 82 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 3 881 რეკლამა იძებნება, რომელთა ჯამური ღირებულება 71 904 -დან 78 141 აშშ დოლარამდეა (იმ გვერდების შემთხვევაში, რომელთა სარეკლამო დანახარჯი 100 აშშ დოლარს არ აღემატება, დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, რის გამოც მთლიანი დანახარჯი მოცემულია ინტერვალური სიდიდეებით). მათ შორის, 34 ქართული მედიასაშუალების იყო, რომელთა რეკლამებისთვის 71 718-დან 73 302-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, Facebook-სა და Instagram-ს ქართველი მომხმარებლებისთვის ხილვადი იყო ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 12 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 23 რეკლამაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 200 აშშ დოლარს არ აღემატებოდა.
საანგარიშო პერიოდში ქართული მედისაშუალებების Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებს შორის ძირითადი დანახარჯი პროსახელისუფლებო მედიებზე - „პოს ტვ“-ზე, „იმედსა“ და „ნიუსჰაბზე“ (ყოფილი Pia.ge) მოდის. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამმა მედიასაშუალებამ რეკლამებისთვის 6.7-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა სხვა ქართულმა მედიასაშუალებამ. ამასთან ერთად, „პოს ტვ“-მ და „იმედმა“ აპრილ-ივნისში Meta-ს პლატფორმების რეკლამებზე 2-3-ჯერ მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე წლის პირველ კვარტალში. „ნიუსჰაბის“ ბოლო კვარტლის დანახარჯი კი წინას 6-ჯერ აღემატება.
ფოტო: mythdetector.ge