პორტუგალიიდან ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ პორტუგალიაში გვყავს ამბასადორ-წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ ბაზარზე ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისთან მდებარე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელმა ილია მესხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, LisiWine-Meskhishvili Winery-ის ღვინო პორტუგალიის ბაზარზე ნელ-ნელა იხვეჭს სახელს და საერთო ჯამში, მათ ღვინოზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-30%-ით გაზრდილია, რაც ცნობადობის ზრდას უკავშირდება.
ილია მესხიშვილის განცხადებით, არსებული საექსპორტო ბაზრების გარდა, მეღვინეობა ამერიკის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
"LisiWine-Meskhishvili Winery ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. მეღვინეობის მიერ წარმოებული ღვინო საქართველოშიც იყიდება და ექსპორტზეც. კერძოდ, ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო პორტუგალიის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარზე იყიდება. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკის ბაზართან და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკა საკმაოდ რთულია", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
მისივე თქმით, მეღვინეობას 7 დასახელების ღვინო აქვს, მათ შორის ქვევრისა და კლასიკურად წარმოებული. ძირითადად, მშრალი ღვინოებია. რაც შეეხება ვენახებს - კომპანიას კახეთში 40 წლის ვენახი აქვს, რომელიც კარგი მოსავლით გამოირჩევა. როგორც ილია მესხიშვილი აღნიშნავს, როდესაც მოსავალი ხარისხიანია, ეს ღვინოზეც აისახება.
ღვინის წარმოების გარდა, როგორც ილია მესხიშვილი აცხადებს კომპანია ტურისტულ ობიექტს ფლობს, სადაც გაერთიანებულია როგორც ღვინის მარანი, ისე სარესტორნო და რეკრეაციული ზონა, სადაც მომხმარებლებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ღვინის წარმოების გაცნობის შესაძლებლობა აქვთ.