ისტორიული მოდელის საუკეთესო, კრეატიული ხედვა ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის წარსადგენად - უახლესი მოდელის თბილისური პრეზენტაცია საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. აღნიშნული ჯილდო „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, თამარ ხოსროშვილს პრაღაში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა.
კონკურსს ყოველწლიურად Porsche-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისი მართავს და მასში გაერთიანებული 28 ქვეყნის წარმომადგენლობების მარკეტერებსა და PR-ებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოარჩევს. გასული წლის მთავარი ჯილდო 2024-ის მთავარი მოვლენა - სრულად ელექტრული Macan-ის Launch event-ი იყო.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვულოცავ მთელ ჩვენს გუნდს ამ წარმატებას. ის, რომ შენი და შენი გუნდის თავდაუზოგავი შრომა ასე ფასდება, ძალიან საამაყო და სასიხარულოა. განსაკუთრებული ემოცია იყო, როდესაც ცერემონიის დასაწყისშივე მთავარი ნომინაციის გამარჯვებულად დამასახელეს. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, ასევე, ბუნებრივია, - „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, როგორც Porsche-ს ოფიციალური იმპორტიორისათვის. ეს არის ერთგვარი აღიარება, თუ როგორ ზრუნავს იმპორტიორი მსოფლიო ბრენდის, Porsche-ს განვითარებაზე.
წელს სულ სამი ნომინაცია გამოცხადდა: მარკეტინგის, პიარისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით. ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ მარკეტინგის მიმართულებით, Porsche Macan-ის launch event -ზე იყო. 28-ვე ქვეყნის წარმომადგენელს ნანახი გვქონდა ერთმანეთის ღონისძიებები და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი იყო შთამბეჭდავი. თუმცა მათ შორის სწორედ ჩვენი, „პორშე ცენტრი თბილისის“ კონცეფცია და ხედვა გამოარჩიეს და ჯილდოც დავიმსახურეთ. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გუნდს გაწეული ძალისხმევის, საქმისადმი ერთგულებისა და პროფესიონალიზმისთვის“.
საერთაშორისო ჯილდო თამარ ხოსროშვილმა „პორშე ცენტრი თბილისში“ მუშაობის ხუთი წლის იუბილესთან ერთად აღნიშნა. მრგვალი თარიღი პრაღაშიც პერსონალურად მიულოცეს.
საქმიანობა მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო და დღეს უკვე მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის რანგში აღნიშნავს კომპანიის წარმატებას. Forbes Under 30-ის გამარჯვებული მარკეტერი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის უკვე 10-წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ყველა ღონისძიება და აქტივობა გამორჩეულია, რადგან საქმე Porsche-ს ეხება და ჩვეულებრივი ვერ იქნება. თუმცა მიიჩნევს, რომ Macan-ის პრეზენტაცია მაინც განსაკუთრებული იყო. არც დავალება ყოფილა მარტივი, - თანმიმდევრული, ინოვაციური, დასამახსოვრებელი და ადვილად გასაგები, - კონცეპტუალური ჯაჭვის თითოეული რგოლი შინაარსობრივად უნდა დატვირთულიყო.
„Porsche-ს რეგიონული ოფისი, რა თქმა უნდა, ღონისძიების მზა კონცეფციას არავის უგზავნის. ცხადია, წინასწარ გვაცნობენ მოდელს, მის ხასიათს, შესაძლებლობებსა და ძირითად გზავნილს, დანარჩენი უკვე უშუალოდ იმპორტიორ კომპანიაზეა დამოკიდებული, მათ ინდივიდუალურ მიგნებებზე. Keep Your Essence - შეინარჩუნე შენი არსი, ეს არის ელექტრიფიცირებული Macan-ის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯი. ჩვენი ამოცანა კი ამ სათქმელის ქართულ აუდიტორიამდე მიტანა იყო. ღონისძიებაზე სააგენტოებთან Lumen და Stockton ერთად ვიმუშავეთ“, - ამბობს თამარ ხოსროშვილი და გვიყვება, რომ გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით დაიმსახურეს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშნელოვანი ღონისძიების უნიკალურობა და შესრულება იყო.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „სრულიად ახალი ელექტრომოდელის Porsche Macan-ის ტიპაჟსა და ხასიათს მოვარგეთ ღონისძიების მთელი დრამატურგია. დიდი ძალისხმევა ჩაიდო ინდუსტრიული გარემოს მოწყობაში. დედაქალაქისათვის ერთ დროს გამორჩეული ტერიტორია, სადაც დღეს ავტოსადგომია, სრულიად განსხვავებულ სივრცედ ვაქციეთ. მეტი შთამბეჭდაობისათვის 250 მ2-ის ეკრანები გამოვიყენეთ.
შოუ მოულოდნელობებზე ავაგეთ. სივრცე ორად გავყავით შავი ფარდის კედლით, რომელიც მოგვიანებით მუსიკისა და ეფექტური განათებების ფონზე გაიხსნა, რაც ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე შეკრებილი 700-მდე სტუმრისათვის ღონისძიების დაწყების მანიშნებელი იყო. ეკრანებით შეფუთულ კუბში კი შოუს მთავარი გმირი, ელექტრომობილი Porsche Macan-ი იყო განთავსებული.
საკმაოდ თამამი გამოვიდა შოუს მუსიკალური ნაწილიც. სტუმრებს შორის დამონტაჟებულ ღია თუ დახურულ, ჯამში, ოთხ სცენაზე სხვადასხვა პერფორმანსი წარვადგინეთ. დამსწრეები პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდნენ. მათ გვერდით, კლასიკური როიალისა და ელექტრონიკის თანხლებით, არტისტი kordz უკრავდა. ცოცხალი შესრულებით წარდგა ასევე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku. გვინდოდა, სტუმრებს ეგრძნოთ, თუ როგორია Macan, როგორი სტილი და ხასიათი აქვს. ეფექტურ შოუსთან ერთად, ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა“.
2024-ის მიზნები და ამოცანები წარმატებით ჩახურა და ახალი გამოწვევებისათვის ისევ Porsche-სთან ერთად ემზადება. თამარ ხოსროშვილის გეგმები მიმდინარე წელსაც „პორშე ცენტრი თბილისის“ მომხმარებელსა და მათთვის მსოფლიო ბრენდის, დახვეწილი და ელეგანტური Porsche-ს მიღწევების გაცნობას უკავშირდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.