ბიზნესი საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფეროა, რომელიც უტყუარი ალღოთი პირველი გრძნობს, თუ რა მასშტაბებზე შეიძლება გავიდეს თუკი ტექნოლოგიურ სიახლეებს დროულად მოერგება და გამოყენებს.

პლატფორმული ბიზნესი სწორედ ერთ-ერთი ასეთი სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ხაზია, რომელიც პრაქტიკულად, უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ცალკე აღებულ მაგისტრალურ მიმართულებად.

პლატფორმული ბიზნესის პოპულარობა შეუქცევადად იზრდება, რამდენადაც ტრადიციული ბიზნესისგან განსხვავებით, მას ბევრი უპირატესობა გამოარჩევს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ როგორც ყველა სიახლეს და ნოვაციას,  ადამიანები მას ჯერ კიდევ გარკვეული სკეპსისით ეკიდებიან და ამის მიზეზი არის ის, რომ მათთვის არ არის ბოლომდე გასაგები ის პრინციპები, თუ როგორ მუშაობს პლატფორმული ბიზნესი.

შესაბამისად, პლატფორმულ ბიზნესზე საუბრისას, ხშირად გვხვდება პოპულისტური მიდგომები და მანიპულირების მცდელობები. სწორედ ამიტომ, მანიპულაციის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რა პრინციპებს ემყარება ეს ბიზნესი.

სიახლეების კარგი გააზრების საუკეთესო გზა ანალოგიის მეთოდია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ მაღაზია, რომლის მესაკუთრე საკუთარ ობიექტში სხვადასხვა ტიპის პროდუქტს ყიდის. ამ პროდუქციას კი, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს, მას აბარებენ ფერმერები - ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში, თუ იმპორტიორები - ზეთის, კარაქის, შაქრის თუ სხვა მსგავსი პროდუქტის შემთხვევაში. მაღაზიის მეპატრონეს ჰყავს დაქირავებით დასაქმებული თანამშრომლები, რომლებიც მიღებულ პროდუქტს ყიდიან და მომხმარებელს ემსახურებიან. შეჯამების სახით -  მაღაზიის მეპატრონე უზრუნველყოფს ადგილს პროდუქციის განთავსებისთვის და კარგ მომსახურებას მომხმარებლისთვის, ასევე რეკლამას და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პლატფორმული ბიზნესის შემთხვევაში. საუბარია პლატფორმული ბიზნესის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან გლოვო, ვოლტი, ბოლტი და სხვა.

ჩვენი ანალოგიის შესაბამისად, ფიზიკური ტიპის მაღაზიისგან განსხვავებით, მათი პლატფორმა წარმოადგენს ელექტრონულ მაღაზიას, პროდუქტის გაყიდვის ციფრულ პლატფორმას, რომლის გამართულ და კომფორტულ ფუნქციონირებას კომპანია დაქირავებით დასაქმებული თანამშრომლების მეშვეობით უზრუნველყოფს, ხოლო მიმწოდებლები და გამავრცელებლები არიან - მაღაზიის პარტნიორები -  პროდუქტის ან სერვისის მწარმოებლები, ანუ სავაჭრო ობიექტები და კურიერები, რომლებსაც პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვთ. კურიერები და მერჩანტები, ანუ პროდუქტის შემქმნელები მაღაზიის/კომპანიის თანამშრომლები არ არიან, რაც მათ არაერთი მიმართულებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

ისევე, როგორც ფიზიკური ტიპის მაღაზიის შემთხვევაში, პლატფორმულ ბიზნესშიც, პარტნიორებთან ფორმდება მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მაგალითად, რძის პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, პროდუქტის მაღაზიამდე მისატანად სხვა სერვისს იყენებს, ანუ პროდუქტის ტრანსპორტირება ერთი ობიექტიდან მეორემდე მესამე პირის მეშვეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მწარმოებელს მაღაზიის პირობები არ დააკმაყოფილებს, შეუძლია, შეცვალოს ის და საკუთარი პროდუქცია იმ მაღაზიაში განათავსოს, სადაც უკეთესი პირობები დახვდება, იქნება ეს სერვისი, ფასი, რეკლამა თუ სხვა. ამავდროულად, მაღაზიაც იტოვებს უფლებას, რომ თუ მომწოდებლის პროდუქცია კონტრაქტით გათვალისწინებულ ხარისხს არ აკმაყოფილებს, მომწოდებელი შეცვალოს.

არჩევანის თავისუფლებით სარგებლობს ყველა მხარე - მაღაზიის მეპატრონე, პროდუქტის მწარმოებელიც და მიმწოდებელიც. ეს ბაზარსაც უფრო კონკურენტულს ხდის, რამდენადაც მხარეებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ უკეთესი პირობები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მსოფლიოში პლატფორმული ბიზნესის მზარდ პოპულარობას განაპირობებს, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და არჩევანის თავისუფლებაა.

პლატფორმული ბიზნესის არსის ბოლომდე შესაცნობად და იმის აღსაქმელად, თუ როგორ მუშაობს იგი, უნდა გვესმოდეს, რომ  იგი  არ გულისხმობს დამსაქმებლისა და დასაქმებულის შორის არსებულ ტრადიციულ ურთიერთობას.

პლატფორმულ ბიზნესს შრომითი ურთიერთობები აქვს მხოლოდ მის თანამშრომლებთან, ე.წ. შიდა სტაფთან, რომელიც პლაფორმის გამართულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. ადმინისტრაციული და Support ანუ მომხარებლის მხარდამჭერი გუნდები. ბიზნესის ყველა სხვა მონაწილე თავისუფალ და კონკურენტულ, მომსახოების პირობებით და ხელშეკრულებითაა ჩართული პროცესში. ეს კი ნიშნავს გარკვეული მომსახურების გაწევას, გარკვეული პირობებით .