ქეთი მესხმა პარიზში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2 წლის წინ, საქართველოში Petit Bazar-ი გახსნა, სადაც დღეს 150-მდე მეწარმის პროდუქციაა წარმოდგენილი. Petit Bazar-ში იყიდება ავეჯი, მონტესორით ინსპირირებული ნივთები, ხის და ნაქსოვი სათამაშოები, დეკორი, სამოსი, აქსესუარები, წიგნები და ა.შ.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი ქეთი მესხი ამბობს, უცხოური ბრენდების შემოყვანას გეგმავენ, „პრიორიტეტული ის ფრანგული ბრენდები იქნება, რომლებმაც თავად გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი, თუმცა, „პეტიტ ბაზარისთვის“ ადგილობრივი წარმოება ყოველთვის პრიორიტეტული იქნება“. 

„კომერსანტი“ ქეთი მესხს „პეტიტ ბაზარის“ შექმნის, კონცეფციის, განვითარებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა „პეტიტ ბაზარი“ და რამ განაპირობა დაინტერესება?

ქეთი მესხი, „პეტიტ ბაზარის დამფუძნებელი: „პეტიტ ბაზარი“ 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა. თავად ვიყავი მეწარმე, მქონდა ბავშვის  ოთახის დეკორის ბრენდი „ანცი ქიდს“. რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა (საფრანგეთი, იტალია), ამერიკაში ექსპორტიც განვახორციელე, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა, სადაც სოციალურ ქსელებს ვერ გავცდი. ერთი საბავშვო კონცეფციის მაღაზიაც კი არ იყო, რომელიც „ანცის“ მსგავსი პროდუქციით დაინტერესდებოდა. საქართველოში საბავშვო მაღაზიები ძირითადად ან ქსელურია, ან ძალიან „ელიტარული“, რომლებიც მხოლოდ ცნობილი და საერთაშორისო ბრენდებით ინტერესდებიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ 2 ნიშიდან გამოყოფა და ისეთი დემოკრატიული სივრცის შექმნა, რომელიც პირველ ადგილზე ადგილობრივ წარმოებას დააყენებდა. თან ჩემმა მეწარმეობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბევრი საინტერესო მეწარმე ქმნიდა ძალიან გემოვნებიან, ხარისხიან საბავშვო პროდუქციას, მაგრამ ჩემსავით მათი პროდუქციით ქართული რითეილ ბიზნესები არ ინტერესდებოდნენ.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოციალური პასუხისმგებლობის და გარემოსდაცვითი თემების წინ წამოწევა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „პეტიტ ბაზარი“ გამორჩეული ბრენდია, რომელიც განსხვავებულ სიტყვას ამბობს ქართულ ბაზარზე.

როგორია „პეტიტ ბაზარის“ კონცეფცია?

Petit Bazar ინოვაციური კონცეფციის ადგილია ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული. ხოლო ჩვენი შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, ემსახურება ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას.

Petit Bazar დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“ და დაარსების პირველივე დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. ვიყოთ მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით.

რა ინვესტიციით შექმენით „პეტიტ ბაზარი“, რაიმე გრანტი ხომ არ მიგიღიათ?

თავიდან ბოლომდე პირადი ინვესტიციით, საკმაოდ მცირე კაპიტალით. იმდენად მცირე, რომ მარკეტინგისთვის ბიუჯეტიც კი არ მქონია. 2022 წლის 1 ივნისს მაღაზიის კარი უბრალოდ გამოვაღეთ და პირველივე დღეს აუარებელი ხალხი მოვიდა, დიდწილად შემთხვევითი გამვლელები, რომლებიც პირველივე დღიდან ერთგულ მომხმარებლად იქცნენ.

კონკურენტულ გარემოში, „პეტიტ ბაზარმა“ როგორ შეძლო თავის დამკვიდრება?

ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე „პეტიტ ბაზარი“ გამოირჩევა კონცეფციითაც და ღირებულებებითაც. ჩვენთვის მთავარი ბავშვია, გარემო ბავშვზე მორგებულია, ბავშვისთვის განკუთვნილი ნივთები მათ სიმაღლეზე აწყვია. ჩვენთან მოსულ ბავშვებს უფლება აქვთ ხელი მოჰკიდონ სათამაშოებს, ითამაშონ.  დაათვალიერონ და წაიკითხონ წიგნები, რომელსაც სახელდახელოდ ვარჩევთ.

თავის დამკვიდრება არ არის იოლი, გარემო კონკურენტულია. დიდი და ბევრი ქსელური მაღაზიები, დიდი კაპიტალით, მაგრამ ჩვენთან მოსული მომხმარებელი, ყოველთვის აღნიშნავს განსაკუთრებულ გარემოს და გამოცდილებას, რაც, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი კოზირია.

ფასები როგორი გაქვთ, საშუალო, თუ პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოება ძვირი ჯდება, ვცდილობთ ჩვენი პროდუქცია იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყველასთვის, თუმცა მეწარმისთვისაც იყოს სამართლიანი ფასწარმოება.

რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნეს-დაჯილდოების ფინალში მოხვედრა?

რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდა და გამოგვარჩია ჟიურიმ. მადლიერები ვართ იმ ძალისხმევისთვის, რაც თიბისი-იმ ფინალისტებისთვის გასწია: ვიდეო რგოლის გადაღება, ბილბორდები. ფინალისტობამ გამოიწვია ის, რომ დღე არ გავა, რომელიმე მედია არ დაინტერესდეს ჩვენით.

ასევე ძალიან მიხარია, რომ ფინალში 2 ისეთი კომპანიასთან ერთად ვართ, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია: „ბაბალე“ და „ტენე“. „ბაბალეს“ ვგულშემატკივრობ დაარსების პირველივე დღიდან. „ბაბალეთი“ დაიწყო ჩემთვის სოციალური მეწარმეობა. მიმაჩნია, რომ მათ შეცვალეს და უკეთესი გახადეს ქვეყანაც და ადამიანებიც. „ტენეს“ წვლილი გარემოს დაცვის წინ წამოწევაში, ნარჩენების შეგროვების და გადახარისხების გაპოპულარულებაში არის უდიდესი, მათი ენერგია გადამდებია. ძალიან მიხარია, რომ ორივე „პეტიტ ბაზრის“ პარტნიორი და მეგობარია.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ბიზნესის გაფართოებას, ან უცხოური ბრენდების შემოყვანას ხომ არ გეგმავთ?

სამომავლო გეგმები ბევრია, უცხოური ბრენდების შემოყვანასაც ვგეგმავ. პრიორიტეტული ის ფრანგული ბრენდებია, რომლებმაც თავად გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი, თუმცა ადგილობრივი წარმოება ყოველთვის პრიორიტეტული იქნება და ჩემი მთავარი მიზანი მისი გაძლიერება და წინ წამოწევაა.