დღეს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელიც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს და მის ბიზნესპარტნიორებს - ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდას აკისრებს Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიების Recovery Partners GP Ltd. და Revoker LLP-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წელსაც.

მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურებით გათვალისწინებით უკვე 170 მილიონ დოლარს აღემატება.

საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებს, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მოგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

ორმა კომპანიამ სამი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ დავა 2016 წელს წამოიწყო. შედეგად დადგინდა, რომ თანამდებობიდან გადადგომით რუხაძემ, ალექსეევმა და მარსონმა დაარღვია კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულება. უფრო კონკრეტულად, როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რათა Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორებოდნენ და აღნიშნული პროექტი მათივე დაფუძნებულ კომპანიას, Hunnewell Partners-ს მიეთვისებინა.

ირაკლი რუხაძის და მისი საინვესტიციო ჰოლდინგის, Hunnewell Partners-ის საკუთრებაშია საქართველოს სიდიდით მესამე ბანკი - ლიბერთი ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, Stichting Media Finance International-ი, რომელიც, თავის მხრივ, ტელეკომპანიების იმედისა და GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელ ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს ფლობს.