„პარკირების ადგილები ისევ პრობლემატურ საკითხად რჩება როგორც სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, ისე რითეილ სექტორისთვის,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ სექტორმა მიიღო დაპირება, რომ მერია პირველ ეტაპზე მათ 570 საპარკინგე ადგილს გამოუყოფოდა, პროცესი ჭიანურდება.
"მერიისგან ჩვენ თითქმის ერთი წლის წინ მივიღეთ დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით 570 ადგილის გამოყოფა მოხდებოდა. შემდეგ კი ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა მუშაობა. თუმცა, დღესდღეობით მხოლოდ 130 ადგილია გამოყოფილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ სრული ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული იმ ადგილებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება სადისტრიბუციო კომპანიებს დაეთმოს.“- აღნიშნა ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, არასწორი პარკირების გამო კომპანიების დაჯარიმება ბუნებრივია, გრძელდება და ჯარიმები თვის განმავლობაში კოლოსალურ თანხებს აღწევს.
ბიზნესი პრობლემის დროულად მოგვარების საჭიროებაზე მიუთითებს. მათი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერირება თანდათან უფრო და უფრო გართულდება.