„ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ დაწერა.

„ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა. კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეეს-ის “ სისტემის რეანიმაცია.

შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელორუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ. სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია“, - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.

მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მისი თქმით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 14%-მდეა, როდესაც ევროპაში მათი ეს საშუალოდ 2%-ია, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც და როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერყეობს.