თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2025 წელს სასტუმროების ჰაბის მშენებლობა დასრულდება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება, რომელიც 400 ავტომანქანაზე გათვლილ 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართულს მოიცავს. როგორც კომპანიებში აცხადებენ, „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტი მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს.

„ცენტრალ პარკ თაუერსი“ 300 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. კომპანიის ინფორმაციით, 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს, ასევე ცნობილი რესტორნების Chotto Matte-ს და Beefbar-ს გახსნა.

პროექტი შედგება ორი 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი.

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო, საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.

ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი, რომელიც ფილარმონიაზე დიდი იქნება.

არსებული ინფორმაციით, ფილარმონია 2300 მაყურებელს იტევს და ის ამ დრომდე  საქართველოში ყველაზე დიდი დახურული დარბაზია ღონისძიებებისთვის. ყაზბეგის გამზირზე, ცენტრალ პარკ თაუერსში კი 2500 ადამიანზე გათვლილი ივენთ ჰოლის აშენებას აანონსებენ, რომელიც ფილარმონიას პირველობის სტატუს დააკარგვინებს.

პროექტის დასრულების შემდეგ რა პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით და რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ „კომერსანტთან“ სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე ყოველდღიურად ისედაც გადატვირთული მოძრაობა და საგზაო კოლაფსია, გეგმაში კი რამდენიმე დიდი პროექტი უკვე არსებობს, ამიტომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ასეთმა გრანდიოზულმა შენობებმა, განსაკუთრებით პიკის საათებში. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც პარალიზებულია საგზაო მოძრაობა, დიდი სასტუმროების ქსელის მშენებლობა არასწორია.

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც მსხვილი პროექტები ხორციელდება და არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ფაქტობრივად ტროტუარებზე ხდება ავტომანქანების გაჩერება, გზა არის გადატვირთული და საპარკინგე ადგილებზე არასწორი პარკირება შეინიშნება, რაც ძალიან დიდ ქაოსს და პრობლემებს ქმნის. მისი თქმით, იმის შანსი, რომ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების სტუმრები ძირითადად ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ უფრო მაღალია, შესაბამისად საავტომობილო გადაადგილების მხრივ პრობლემები გარდაუვალია.

„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და ოფიციალური უწყებებიდან - მერიიდან და საკრებულოდან ელოდება პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

1. პროექტის დასრულების შემდეგ, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით?

2.საბურთალოს ტერიტორიაზე დაგეგმილი არაერთი მასშტაბური პროექტის პირობებში, რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა?

3.როგორ აპირებს სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებას მთავრობა საბურთალოს ამ ტერიტორიაზე და ხომ არ იგეგმება ცვლილებები საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით?

ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი „ორბი ჯგუფსაც“.