ბიზნესმენი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი და „ჰეშ ბანკის“ თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დასანქცირება არ უნდა გვახარებდეს. ის განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი ძლიერი არაა, როგორიც რუსეთის ან თურქეთის ეკონომიკები და ქვეყნის ეკონომიკაში მოვლენები დომინოს პრინციპით ჩამოიშლება და ყველაფერი ჩამოიშლება. თემაზე ბიზნესმენმა გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ დღეს მთავარი მდგომარეობის განმუხტვაა და ამბობს, რომ ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები აღარ უნდა გამართონ, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო ხელისუფლებამ ოპონენტებისგან საპირისპირო აზრი უნდა მოისმინოს.

- რა პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება საქართველოს?

- ნუ გვიხარია, ეს ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და არ შეიძლება ეს რომ ნიშნის მოგებით ვთქვათ და გვიხაროდეს, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა ეს რომ ჩვენი ადამიანები დაასანქცირეს... ვიღაცას უხარია? არ შეიძლება ასე, ეს ტრაგედიაა და ღვთის რისხვას დავიწევთ თავზე..

- ჩემი კითხვაა - რა პრობლემებს უქმნის ქვეყანას შს მინისტრის სანქცირება... კეთდება პროგნოზი, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს ყვითელი ბარათია და შეიძლება უარესიც გველოდოს. როგორც ბიზნესმენი და ბანკირი - რა პრობლემებს ხედავთ?

- უმძიმესი... სირთულე არის ეს ჩვენი ეკონომიკისთვის. დომინოს პრინციპით არის, ერი დგას ამ პრობლემის წინაშე.

- როგორ განვითარდება თქვენი შეფასებით მოვლენები რამდენიმე თვეში?

- [ეკონომიკის] ჩამოშლას ვხედავ და მაგიტომ ამოვიღე ხმა... ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რაზეა საუბარი.. ჩვენ არ ვართ რუსეთი და თურქეთი, ჩვენ ვერ გავუძლებთ... [ეკონომიკა] ჩამოიშლება, არც ამხელა რესურსი გვაქვს, არც არანაირი პოტენციალი არ გვაქვს - ჩამოიშლება... ღრმა კრიზისის წინაშე ვდგავართ... იმ გოგოებს და ბიჭებსაც [საპროტესტო აქციის მონაწილეებს] ხომ ამ ქვეყანაში აქვთ აქტივები... ყველა მოქალაქეს პატარა ქონება მაინც აქვს... რომ არ გაუფასურდეს საბოლოოდ... ეს ჩვენი ერთადერთი და აუცილებლად გადასალახი პრობლემაა - ამუშავდეს პარლამენტი. ეს ჩვენი თხოვნაა, ვამბობ, რომ მომავალი თაობები სანთლებს დაუნთებენ იმ ადამიანს, ვინც ახლა მშვიდობას დაამყარებს და პირველ ნაბიჯს გადადგამს.

- ვის ხელშიც ძალაუფლება და მეტი ბერკეტი აქვთ, მათ მეტიც მოეთხოვებათ, მათ არაფერი უნდა გააკეთონ? რა შეუძლია ირაკლი კობახიძეს გააკეთოს - თუ უთხარით იმ შეხვედრაზე რამე?

- შეხვდეს თავის ოპონენტებს...კი იძახის ირაკლი... იქ შეხვედრაზე ოთხმა ბიზნესმენმა ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი - ამაზე, ამაზე, ამაზე... და იქვე გადავწყვიტეთ, მე ვიყავი ამის ინიციატორი, რომ გაგვეკეთებინა სია და იქნებ, ღია ეთერში შეხვედროდა და ისაუბროს ხალხთან... უნდა შეხვდეს და მოისმინოს საწინააღმდეგო აზრი...

- ფაქტია, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია ის, რაც გამოიწვია და იქ ვართ, სადაც დღეს ვართ... როგორც ახალგაზრდებს ურჩევთ სახლში წასვლას, ოპოზიციას - პარლამენტში შესვლას, „ოცნებას“ რას ურჩევდით?

მე როგორ გავაკეთებდი - ეს ოცნებას ბევრჯერ ვუთხარი. უფრო ლოიალური იყოს, სწრაფად გამოიძიოს ის საქმეები, რომლებიც დაკიდებულია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს, ვინც დასასჯელია, მაქსიმალურად, განუზომლად დიდი დანაშაული არ იკვეთება, რომ პატიმრები გათავისუფლდნენ - ეს არის.

Bm.ge